ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ, ტალგატ ლასტაევმა განაცხადა, რომ Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავის აქტაუს მახლობლად ჩამოვარდნის თაობაზე გამოძიების წინასწარი შედეგები 30 დღის განმავლობაში გახდება ცნობილი. მან აღნიშნა, რომ წინასწარი შედეგებისთვის მითითებული ვადა „ზოგადად სტანდარტებს შეესაბამება“.
ლასტაევის თქმით, ახლა მიმდინარეობს გამოძიების საველე ეტაპი, თვითმფრინავის ფრაგმენტები სპეციალურ ანგარში გროვდება აქტაუს აეროპორტში.
მანამდე ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტრო იტყობინებოდა, რომ ავარიის მიზეზების გამოსაძიებლად აქტაუში ჩავიდნენ უცხოელი ექსპერტები, მათ შორის საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციიდან, ბრაზილიის საავიაციო ავარიების გამოძიებისა და პრევენციის ცენტრიდან. ამავე დროს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ორივე „შავი ყუთი“ გაეგზავნათ ბრაზილიაში, სადაც არის აგებული ჩამოვარდნილი თვითმფრინავი Embraer-ი.
ავიაკომპანია AZAL-ის თვითმფრინავი Embraer-ი 25 დეკემბერს ჩამოვარდა ყაზახეთის ქალაქ აქტაუსთან. თვითმფრინავი ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა, მაგრამ კურსიდან გადაუხვია მას შემდეგ, რაც ის, ძირითადი ვერსიით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ცეცხლში მოხვდა. თვითმფრინავში 67 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის ხუთი წევრი. დაიღუპა 38 ადამიანი, გადარჩა 29. თვითმფრინავში მყოფთა უმრავლესობა, 42 ადამიანი იყო აზერბაიჯანის, 16 - რუსეთის, 6 - ყაზახეთის, 3 - ყირგიზეთის მოქალაქე.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა კვირას განაცხადა, რომ ყაზახეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავი რუსეთის ტერიტორიაზე ფრენის დროს დაზიანდა „ხმელეთიდან ცეცხლის გამო“. ალიევის თქმით, 27 დეკემბერს აზერბაიჯანმა ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით რუსულ მხარეს სამი მოთხოვნა გადასცა: ბოდიშის მოხდა, დანაშაულის აღიარება და ასევე დამნაშავეების დასჯა და აზერბაიჯანის სახელმწიფოსთვის და ყველა დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. პირველი პირობა, ალიევის თქმით, მოსკოვმა უკვე შეასრულა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 28 დეკემბერს ალიევთან სატელეფონო საუბარში ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ თვითმფრინავთან დაკავშირებული ინციდენტი რუსეთის საჰაერო სივრცეში მოხდა, რუსეთის ავიაციის ხელმძღვანელობამ კი აღიარა, რომ 25 დეკემბერს გროზნოში მოქმედებდა საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც, როგორც ამტკიცებენ, უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატების იერიშს იგერიებდნენ.