31 დეკემბერს უკრაინის ქალაქ ოდესაში აიღეს საბჭოთა პერიოდის პოეტის, ბარდის და მსახიობის, ვლადიმირ ვისოცკის ძეგლი. ამ პროცესის ამსახველი ვიდეოჩანაწერი ინტერნეტით გავრცელდა.
ძეგლის დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილება 2024 წლის სექტემბერში გახდა ცნობილი. იმავე დროს ქალაქის აღმასრულებელმა კომიტეტმა გადაწყვიტა პუშკინის, მაკსიმ გორკის და ისააკ ბაბელის ძეგლების მოხსნაც.
ვლადიმირ ვისოცკის ძეგლი 2012 წელს დაიდგა ოდესის კინოსტუდიის შენობის წინ, უკრაინის უმაღლესი რადის ყოფილი დეპუტატის, იგორ მარკოვის ინიციატივით. 2022 წლის ზაფხულში დეპუტატს ბრალი დასდეს კოლაბორაციონიზმში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის მხარდაჭერის გამო. მარკოვი სისტემატიურად მონაწილეობს რუსეთის სახელმწიფო ტელეარხების პროპაგანდისტულ გადაცემებში.
რუსეთის მხრიდან სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინაში ცვლიან დასახლებული პუნქტების, ქუჩების, სკვერების, პარკების სახელებს და იღებენ ძეგლებს და მემორიალურ დაფებს, რომლებიც უკავშირდება რუსეთს ან საბჭოთა კავშირს.