ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში იმოძრავებს, ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მანამდე, სატრანსპორტო კომპანიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერს, დედაქალაქში უცვლელი დარჩებოდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის განრიგი და მეტრო 00:00 საათზე დაასრულებდა მუშაობას. არ შეიცვლებოდა ავტობუსების სამუშაო განრიგიც. რაც დაკავშირებული იყო, იმასთან, რომ დედაქალაქი გალაკონცერტი არ იყო დაგეგმილი.
"როგორც ყოველთვის, ახალი წლის ღამეს დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში იმოძრავებს. გახანგრძლივებული რეჟიმი შეეხება, როგორც მეტროპოლიტენს, ისე ავტობუსებს. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს 1-ელი იანვრის 03:00 საათამდე მოემსახურება," - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მერიისვე ინფორმაციით შობის ღამეს, მეტროპოლიტენით მგზავრთა მომსახურება 7 იანვრის 00:00 საათიდან გახანგრძლივდება 7 იანვრის 03:00 საათამდე და მგზავრთა მომსახურება უფასო იქნება.
ცნობილია, რომ მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე აპირებენ ახალი წლის შეხვედრას. "ახალი წლის ჯადოსნური საპროტესტო ღამე" ნაწილია პროევროპული საპროტესტო აქციების უწყვეტი ციკლისა, რომელიც თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში 28 ნოემბრიდან მიმდინარეობს.
28 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას ამცნო, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებდნენ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. ამ გადაწყვეტილებამ ათასობით ადამიანი გამოიყვანა დედაქალაქის ქუჩებში. პროევროპული აქციები ისევ გრძელდება.
პოლიციამ დააკავა 500-მდე დემონსტრანტი, მათ შორის 44 სისხლის სამართლის წესით, რაც ნიშნავს, რომ მათ მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. პოლიციამ იძალადა აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე. ამ დრომდე არ არის ცნობილი რომელიმე სამართალდამცავის დაკავების შესახებ.
დემონსტრანტები ხელისუფლებისგან ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.