31 დეკემბერს, გამთენიისას აფეთქებები იყო რუსეთის სმოლენსკის ოლქის ქალაქ იარცევოსთან.
პირველი ცნობები, რომ ამ რაიონში მდებარე ნავთობის ბაზაზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევაა, ტელეგრამ-არხების ადგილობრივმა მომხმარებლებმა გაავრცელეს.
დილის 7 საათისთვის ეს ცნობა დაადასტურა სმოლენსკის ოლქის გუბერნატორმა ვასილი ანოხინმა.
გუბერნატორის ოფიციალურ ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, იარცევოს რაიონში რუსეთის საჰაერო თავდაცვის საშუალებებით „მოგერიებული" ერთ-ერთი დრონის ნამსხვრევებმა ნავთობის ბაზის ტერიტორიაზე გამოიწვია საწვავის დაღვრა და ხანძარი. მის მასშტაბს ანოხინი არ ასახელებს.
გუბერნატორის თანახმად, მიმდინარეობს „შედეგების ლოკალიზაცია, საცხოვრებელ ობიექტებს საფრთხე არ ემუქრება".
უკრაინას რუსეთის ამ ობიექტზე დრონებით შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ. ამ ობიექტებს შორისაა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ნავთობის ბაზები.