ფინელმა გამომძიებლებმა ბალტიის ზღვის ფსკერზე, სადაც დაზიანდა ელექტროკაბელი Estlink 2, ნახეს გრძელი კვალი, რომელიც, ვარაუდობენ, რომ ღუზამ დატოვა.
ამ ინფორმაციას ავრცელებს Bloomberg-ი.
„კვალის სიგრძე ათეულობით კილომეტრია“, - ამბობს გამოძიების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი სამი პაილა, რომელსაც სააგენტო იმოწმებს. ჯერჯერობით არ არის დადგენილი, სად ჩაუშვეს ღუზა, რომელსაც ჯერ ვერ მიაკვლიეს.
„ფსკერზე კვალი აღმოსავლეთით გრძელდება ათობით, შეიძლება თითქმის ას კილომეტრზეც კი და მთავრდება იქ, სადაც ხომალდმა ღუზის ჯაჭვი ზემოთ ასწია", - უთხრა Yle-ს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელმა.
მედიამ გაავრცელა ფინეთის სასაზღვრო დაცვის მიერ დაკავებული, კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი ტანკერ Eagle S-ის ფოტოები, რომლებზეც ჩანს, რომ გემს ცალ მხარეს ღუზა არ აქვს. იმავე გემის ადრინდელ ფოტოებზე აშკარაა, რომ ღუზა ორივე მხარესაა.
პოლიცია ვანდალიზმის ფაქტს იძიებს. Estlink 2-ის სადენების შეკეთებას 7 თვე დასჭირდება და ათეულ მილიონობით დოლარი დაჯდება.
ფინეთმა ნავთობის ტანკერი Eagle S-ი დააკავა მას შემდეგ, რაც 25 დეკემბერს ბალტიის ზღვაში ესტონეთისა და ფინეთის დამაკავშირებელი ელექტროსადენის, Estlink 2-ის მუშაობაში შეფერხება მოხდა.
გავრცელდა ცნობა, რომ კუკის კუნძულების დროშით მცურავ ტანკერს ნავთობი რუსეთიდან ეგვიპტეში გადაჰქონდა. გემს უკავშირებენ რუსეთის ე.წ. ჩრდილოვან ფლოტს, რომელიც რუსული ნავთობის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით.
ტანკერი შემჩნეული იყო იმ რაიონში, სადაც გადის სადენი Estlink 2. საზღვაო მოძრაობის მეთვალყურეობის სამსახურის, Marinetraffic-ის, მონაცემებით, გემმა მნიშვნელოვნად შეამცირა სიჩქარე იმ მომენტში, როცა სადენის მუშაობაში შეფერხება დაფიქსირდა, იტყობინება Yle.