„ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯო უილსონი საქართველოს შესახებ მორიგ პოსტს აქვეყნებს X-ზე.
საქართველოს პარლამენტში მეექვსე პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციამდე ერთი საათით ადრე უილსონი წერს რომ შეერთებული შტატები დგას საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერის, სალომე ზურაბიშვილის და ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც ითხოვენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და უარს ამბობს ჩინეთის კომუნისტურ პარტიასა და ირანის მატიონეტულ რეჟიმთან დაახლოებაზე.
"სუვერენიტეტი არ იყიდება და თავისუფალი ხალხის ნება გაიმარჯვებს" - წერს კონგრესმენი.
ამერიკელი კონგრესმენის ამ განცხადებას წინ უძღოდა განცხადება იმის შესახებ, რომ მომდევნო კვირაში წარადგენს "ქართული კოშმარის არაღიარების აქტს, რომელიც აკრძალავს აშშ-ის მიერ დიქტატორული რეჟიმის ცნობას და აღიარებს სალომე ზურაბიშვილს ერთადერთ კანონიერ ლიდერად საქართველოში იქამდე, სანამ არ გაიმართება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“, მანამდე კი ზურაბიშვილი დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დაპატიჟეს.
სალომე ზურაბიშვილი ყაველაშვილის ინაუგურაციის წინ აპირებს თქვას, რას გეგმავს ყაველაშვილის „არალეგიტიმური ინაუგურაციის“ შემდეგ.
მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია 29 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში იმართება. მის ლეგიტიმაციას არ აღიარებს ოპოზიცია და საერთაშორისო პარტნიორების ნაწილი. ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე აშშ-მ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილებას წინ გაუსწრო, ჰელსინკის კომისიის რესპუბლიკელი თავმჯდომარის ჯო უილსონის ტვიტებმა, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით ქვეყნდებოდა.
აშშ-ის კონგრესში MEGOBARI აქტის ინიციატორმა ფაქტობრივად შექმნა მოლოდინი რაღაც დიდი და მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილების შესახებ, რომელსაც აშშ მიიღებდა.