აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოსდა მან აფხაზეთი დატოვა. 19 ნოემბერს, 15.00 სთ-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ბჟანია ამბობს:
„ამ დროისათვის ჩემს თანამებრძოლებთან ერთად ვიმყოფები მშობლიურ სოფელ ტამიშში. ეს ადგილი არაფრით არ ჩამოუვარდება „კრასნაია პოლიანას“, თუმცა, გულწრფელად რომ ვთქვა, ახლა „კრასნაია პოლიანისთვის“ არ მცალია, უამრავი საქმე მაქვს აქ. ძვირფასო მეგობრებო, არ აჰყვეთ იმ ადამიანების პროვოკაციებს, რომლებიც ასეთ აშკარა სიცრუეს ავრცელებენ.“
ინფორმაცია, ასლან ბჟანას აფხაზეთიდან გამგზავრების შესახებ „აფხაზურმა პორტალმა“ გაავრცელა.
„ასლან ბჟანიამ, რომელმაც ხელი მოაწერა პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომის განცხადებას, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა დატოვა, - დაწერა გამოცემამ.
რამდენიმე დღის წინ, დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ურთიერთობის გამწვავების ფონზე ბჟანიამ განაცხადა, რომ გადადგომის შემთხვევაში მონაწილეობას მიიღებდა ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში.
19 ნოემბერს აფხაზეთის ე.წ. პარლამენტი (სახალხო კრება) განიხილავს განცხადებას ასლან ბჟანიას გადადგომის შესახებ. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი ბადრა გუნბა შეასრულებს, პრემიერ-მინისტრის პოსტზე კი პარლამენტის ყოფილი სპიკერი ვალერი ბგანბა დაინიშნება.
ასლან ბჟანიას გადადგომა აიძულა ოპოზიციამ. 15 ნოემბერს, რუსეთ-აფხაზეთის "საინვესტიციო ხელშეკრულების წინააღმდეგ გამოსულმა დემონსტრანტებმა სამთავრობო შენობების კომპლექსის გარშემო აღმართული ღობე მოანგრიეს და პარლამენტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობები დაიკავეს.
პროტესტის ფონზე პარლამენტმა გააუქმა სხდომა, რომელზეც მოსკოვთან საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების კენჭისყრა უნდა გამართულიყო. დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ხელშეკრულების გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო, თვითონ ბჟანიამ კი თავი მშობლიურ სოფელ ტამიშში შეაფარა.