საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ტელეფონით ესაუბრა ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი. მან სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ საქართველოში არჩევნების შემდგომი ვითარება შემაშფოთებელია.
„ახლახან ველაპარაკე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. არჩევნების შემდგომი მდგომარეობა კვლავ შემაშფოთებელია.
თუ საქართველოს სურს შეინარჩუნოს სტრატეგიული ორიენტაცია ევროკავშირისკენ, ჩვენ გვჭირდება კონკრეტული ქმედებები ხელმძღვანელობისგან.
ჩვენი გაფართოების ანგარიში გვიჩვენებს გზას“, - დაწერა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ამ წუთებში თბილისში, ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით, დემონსტრანტები სადგურის მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან. ისინი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.
26 ოქტომბრის არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების თითქმის 54%-ით „ქართული ოცნებაა“, სხვების ხმები კი ასე გადანაწილდა:
"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%; "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%; "ძლიერი საქართველო" - 8,81%; "გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.
ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ითხოვენ ახალ არჩევნებს, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.
არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს კრიტიკული საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა.
დასავლელი ლიდერები არჩევნების შეფასებისას იშველიებენ დამკვირვებლების დასკვნებს, რომლებშიც საუბარია იმ დარღვევებზე, რომლებიც ახლდა წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს.