Sputnik-ი რუს პროპაგანდისტზე, სერგეი მარკოვზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ კრემლის პროპაგანდისტი, ალექსანდრ დუგინი შვილის, დარია დუგინას გარდაცვალების შემდეგ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
20 აგვისტოს, მანქანა, რომელშიც დარია დუგინა იჯდა, აფეთქდა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა. როგორც რუსულ მედიაში წერენ, მოსკოვთან აფეთქებული მანქანა, რომლითაც დარია დუგინა ღონისძიებაზე იმყოფებოდა, ალექსანდრ დუგინს ეკუთვნის. გავრცელებული ინფორმაციით, თავად ალექსანდრ დუგინი ღონისძიებაზე სხვა საშუალებით მივიდა. დადასტურებული ინფორმაციით, ალექსანდრ დუგინი აფეთქების შემდეგ შემთხვევის ადგილზე მივიდა.
მანქანის აფეთქების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გამოცემა BAZA-მ გაავრცელა. ინფორმაციასა და შემთხვევის ადგილიდან კადრებს Telegram-ის საშუალებით გაავრცელა არხმა 112-მაც.
აფეთქება მოსკოვის დროით, დაახლოებით 22:00 საათზე მოხდა. გამოცემა BAZA წერს, რომ აფეთქების მიზეზის შესახებ მთავარი ვერსია მკვლელობის მცდელობაა.
სოციალურ ქსელში ასევე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აფეთქების ადგილას მისული ალექსანდრ დუგინი ჩანს.
დარია დუგინას აფეთქების შედეგად სიკვდილი რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიებშიც დაადასტურეს.
დარია დუგინა 2022 წლის ივლისში დიდმა ბრიტანეთმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა.