მახინჯაურის სანაპიროსთან მოახლოვებულ რუსული დროშის ქვეშ მცურავ ხომალდს ამ დრომდე ვერ უახლოვდებიან. ტალღის სიმაღლისა და გემის მიმდებარედ არასაკმარისი სიღრმეების გამო ბათუმის პორტის ბუქსირები ვერ გადიან გემის ბორტზე მყოფი ეკიპაჟის 13 წევრის დასახმარებლად, აცხადებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში: “ველოდებით ამინდის გაუმჯობესებასო” – აღნიშნეს უწყებაში.
ზღვის ღელვა აღწევს 6 ბალს, ქარის სიჩქარე – 12-18 მ/წ. ძლიერი შტორმის გამო გემმა დაკარგა მანევრირების უნარი, ტალღებმა კი ხომალდი ნაპირისკენ წაიღო. საკუთარი ძალებით გემმა ნაპირისკენ სვლა შეაჩერა, ჩაშვებული აქვს ორივე ღუზა და ამ ეტაპზე არ იცვლის პოზიციას. გემის კაპიტანი ნავსადგურის მორიგე ოფიცერს 15 იანვარს, დღის მეორე ნახევარში დაუკავშირდა და აცნობა, რომ ძლიერი ღელვის გამო ღუზა ვეღარ იჭერდა გემს და იწყებდა დრეიფს. გემის კაპიტანმა მოითხოვა მოხსნილიყო მე-4 საღუზე წერტილიდან და გადასულიყო მეხუთე საღუზე წერტილში, რომელიც დაშორებულია ნაპირს და კაპიტნის ვარაუდით გემისთვის უფრო უსაფრთხო იქნებოდა იქ დგომა.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციითვე, რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი SGV-Flot (IMO 8033089) ბათუმის საზღვაო აკვატორიის მეოთხე საღუზე რაიონში მიმდინარე წლის 7 იანვარს დადგა.