ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციის მინისტერიალის 26-ე შეხვედრა მიმდინარეობს თბილისში. შეხვედრა პრემიერმინისტრმა გახსნა.
ირაკლი ღარიბაშვილმა საუბრისას საერთაშორისო ენერგეტიკულ ბაზრებზე გაამახვილა ყურადღბა, რომელშიც მისი თქმით, ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეინიშნება, დღითიდღე იზრდება ენერგეტიკულ რესურსებზე მოთხოვნა და ამ ვითარებაში, ყველაზე დიდ გამოწვევას ენერგო რესურსებზე მზარდი დამოკიდებულება წარმოადგენს, რამაც პრემიერის შეფასებით, შესაძლოა, საფრთე შეუქმნას მსოფლიოს ეკონომიკურ გვიან განვითარებას და თითოეული ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას.
"სწორედ ამიტომ, ყველა სახელმწიფოს ამოცანაა ენერგო დივერსიფიკაციის ახალი გზების და საშუალებების მოძებნა. ენერგეტიკული უსაფრთხოების მაღალი ხარისხის მიღწევა შეუძლებელია რეგიონალური თანამშრომლობის განვითარების გარეშე. ამიტომ, საქართველოს, როგორც ენერგეტიკული ქარტიის თავმჯდომარე ქვეყნის ინიციატივა იყო სამხრეთ კავკასიაში ელექტროენერგიით ვაჭრობის სფეროში რეგიონალური თანამშრომლობის გაღრმავება. ამისთვის შეიქმნა პოლიტიკური პლატფორმა, როგორც ჩრდილოეთ-სამხრეთ, ისე დასავლეთ-აღმოსავლეთის ენერგეტიკული დერეფნების ქვეყნებისთვის. ასევე განხილული იქნა ქმედითი სატრანსპორტო დერეფნის შექმნის და რეგიონალურ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების მოზიდვის ახალი შესაძლებლობები. ამ ეტაპზე, ჩვენ თურქეთთან დამაკავშირებელი ახალი ელექტრო გადამცემი ხაზი, რომელიც შევიდა ექსპლუატაციაში 2013 წელს, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისთვის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს. ასევე შავი ზღვის ელექტრო გადამცემი ქსელის პროექტის ლოგიკური გაგრძელება გულისხმობს რუსეთის, აზერბაიჯანის და სომხეთის ჩართვას ელექტრო ენერგიის რეგიონალურ ბაზარში, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს ელექტრო ენერგიით ტრანს სასაზღვრო ვაჭრობას რეგიონში," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა დღესვე წარმატებული რეგიონალური თანამშრომლობის რამდენიმე ფაქტზე ისაუბრა, მათ შორის, ბაქო-თბილისი-სუფსა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და სამხრეთ კავკასიური გაზსადენის პროექტებზე.
"მოგეხსენებათ, მიმდინარეობს სამხრეთ კავკასის გაზსადენის სისტემის გაფართოების პროექტი, რომელიც სამხრეთ გაზის დერეფნის ამოქმედებისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ასევე ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ევროკავშირისთვის ენერგეტიკული რესურსების მიწოდების დივერსიფიკაციის პროცესში ჩვენს ქვეყანას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია, ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ აშხაბადის დეკლარაციას, მივესალმებით ტრანს კასპიური მილსადენის მშენებლობას და ვმონაწილეობთ ევროკავშირის ინიციატივით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, რომელიც ამ პროექტის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ რეგიონალური და ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ისეთი სატრანზიტო პროექტის განხორციელება, როგორის არის ევროაზიის ნავთობის სატრანსპორტო დერეფანი. ასევე გათხევადებული გაზის მიწოდების აზერბაიჯანი-საქართველო-რუმინეთის ინტერ კორექტორი აგრი ელენჯი და თეთრი ნაკადი.
ჩვენთვის პრიორიტეტულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელება, რომელიც ეკონომიკის სხვა სფეროებთან გულისხმობს ენერგეტიკის სფეროშიც თანამშრომლობის გაღრმავებას.
მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ სამომავლოდ შევძლებთ ევროკავშირის ერთიან ენერგეტიკულ სივრცეში ინტეგრაციას. საქართველომ უკვე დაიწყო მოლაპარაკებები ევროკომისიის მხარესთან სწორედ ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების მიზნით და ეს პროცესი საკმაოდ სწრაფად და კონსტრუქციულად მიმდინარეობს," - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.