ერთადერთი საკადრო გადაწყვეტილება, რომელიც თანამდებობაზე არჩევის შემდეგ ახალმა მთავარმა პროკურორმა განახორციელა მის პირველ მოადგილეს ეხებოდა. ამ პოსტზე ირაკლი შოთაძემ საგამოძიებო ნაწილის ყოფილი უფროსი მამუკა ვასაძე დანიშნა.
ირაკლი შოთაძის პირველივე გადაწყვეტილება მთავარი პროკურორის პოსტზე შესაძლოა სკანდალის მიზეზი გახდეს. მამუკა ვასაძის გვარი არაერთ გახმაურებულ საქმეს უკავშირდება.
ზეწოლასა და მუქარაში შოთაძესთან ერთად ვასაძეს ასახელებს იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გია სოსანაშვილი.
ზეწოლის ფაქტს მთავარი პროკურორის უკვე პირველი მოადგილე კატეგორიულად უარყოფს და თავის მხრივ გია სოსანაშვილს და მის ადვოკატს ცილისწამებაში ადანაშაულებს.
მიუხედავად არსებული არაერთი ბრალდებისა მთავარი პროკურორი დღეს მხოლოდ მის პროფესიონალიზმზე საუბრობს და ამბობს, რომ უწყების გენერალურმა ინსპექციამ ვასაძის საქმიანობაში დარღვევები ვერ აღმოაჩინა.
ავტორი: ეკა გაგუა.