საოკუპაციო ხაზთან დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს
თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება 2026 წლის 2 აპრილს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დღეს, 8 აპრილს, ავრცელებს.
უწყების თანახმად, "გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი".
საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების შესახებ ცნობა გაავრცელა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმაც ("კაგებე").
დე ფაქტო უწყების თანახმად, ხაშურის მკვიდრი, საქართველოს მოქალაქე ზურაბ გაჩეჩილაძე 2 აპრილს დააკავეს. ე.წ. უშიშროების კომიტეტი მას "საზღვრის უკანონო კვეთაში" ადანაშაულებდა.
"8 აპრილს საქართველოს მოქალაქე სამხრეთ ოსეთიდან გააძევეს“, - ასე უწოდებენ ცხინვალში უკანონოდ დაკავებულების ქართული მხარისთვის გადაცემას საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები.
სუსის განცხადებით, "ცენტრალური ხელისუფლება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად."
31 მარტს უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში სოფელ ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე ცხინვალში დაკავებული საქართველოს 11 მოქალაქის გათავისუფლების საკითხი განიხილეს, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით „მნიშვნელოვანი პროგრესი“ არ დაფიქსირებულა.
რუსეთის საოკუპაციო ძალები საქართველოს მოქალაქეებს ხშირად აკავებენ უკანონოდ, - ზოგჯერ საოკუპაციო ხაზთან, ზოგჯერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, - განგრძობადი „ბორდერიზაციის“ პირობებში.