გათავისუფლებულია ერაყში გატაცებული ამერიკელი ჟურნალისტი შელი კიტლსონი
შიიტების გასამხედროებულმა პროირანულმა დაჯგუფებამ, შეერთებული შტატების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულმა „კატაიბ ჰეზბოლამ" გაათავისუფლა ერაყში გატაცებული ამერიკელი ჟურნალისტი შელი კიტლსონი.
ჟურნალისტის გატაცების შესახებ ცნობილი გახდა 31 მარტს.შელი კიტლსონის გათავისუფლება 7 აპრილს დაადასტურა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ. მან ჟურნალისტის გათავისუფლებაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა აშშ-ის ფედერალურ საგამოძიებო ბიუროს, პენტაგონს და სხვა უწყებების თანამშრომლებს და ერაყელ პარტნიორებს.
რუბიოს ინფორმაციით, მუშაობენ, რათა უზრუნველყოფილი იყოს ერაყიდან ჟურნალისტის უსაფრთხოდ გამგზავრება.
„კატაიბ ჰეზბოლამ" განაცხადა, რომ ამერიკელი ჟურნალისტი გათავისუფლებულია იმ პირობით, რომ დაუყოვნებლივ დატოვებს ერაყის ტერიტორიას.
49 წლის შელი კიტლსონი სხვადასხვა გამოცემასთან თანამშრომლობს. ჟურნალისტი წლებია აშუქებს შეიარაღებულ კონფლიქტებს ერაყში, ავღანეთსა და სირიაში.