ბრიტანეთმა Apple დააჯარიმა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციის დარღვევისთვის
დიდი ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტრომ ამერიკული კორპორაცია Apple 390 000 გირვანქა სტერლინგით დააჯარიმა სანქცირებული რუსული კომპანიისთვის თანხების გადარიცხვისთვის.
ჯარიმა უნდა გადაიხადოს ამერიკული კორპორაციის შემადგენლობაში მყოფმა Apple Distribution International Limited-მა(ADI), რომელიც ირლანდიაშია დარეგისტრირებული.
2022 წლის ივნის-ივლისში ADI-მ დაახლოებით 636 000 გირვანქა სტერლინგი გადაურიცხა რუსულ სტრიმინგ-სერვისს Okko.
2022 წლის მაისამდე Okko-ს მფლობელი იყო რუსეთის სახელმწიფო ბანკი Сбербанк, რომელმაც უკრაინაში რუსეთის არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო დასავლეთის სახელმწიფოების, მათ შორის ბრიტანეთის სანქციების ამოქმედების შემდეგ Okko მიჰყიდა ახლადშექმნილ კომპანიას Новые возможности. თავად ამ კომპანიის წინააღმდეგ დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დააწესა 2022 წლის ივნისიდან.
ამერიკული კორპორაცია Apple რუსეთის მიერაც იყო დაჯარიმებული ბაზარზე მონოპოლიური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით. 2024 წელს კორპორაციამ რუსეთის ბიუჯეტს გადაუხადა თორმეტ მილიონ დოლარზე მეტის ჯარიმა.