სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა გარეგინ II-ს არ მისცა საქართველოში გამგზავრების უფლება
სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა სრულიად სომეხთა კათოლიკოსს გარეგინ II-ს სომხეთიდან საქართველოში გასვლის ნებართვა არ მისცა. იგი 22 მარტს აპირებდა თბილისში ჩასვლას და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე დასწრებას. ამის შესახებ გარეგინ II-ის ადვოკატმა, არა ზოჰრაბიანმა განაცხადა. სომხეთისა და საქართველოს ეკლესიების მეთაურები დიდი ხნის მეგობრები იყვნენ.
სომხეთის სამოციქულო ეკლესიის კათოლიკოსმა პარასკევს სომხეთის საგამოძიებო კომიტეტში შეიტანა შუამდგომლობა, რომ მას მიეცეს სომხეთის საზღვრის გადაკვეთის საშუალება და თბილისში ჩასვლა.
არა ზოჰრაბიანის თქმით, კათოლიკოსისთვის ქვეყნის დატოვებაზე უარის თქმა არის „კიდევ ერთი აშკარა უკანონო გადაწყვეტილება, რაც ზიანს მიაყენებს ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას,“ დაწერა ადვოკატმა ფეისბუკში.
ზოჰრაბიანმა განაცხადა, რომ გარეგინ II-მ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიიდან მიიღო მოწვევა, რათა დასწრებოდა პატრიარქის დაკრძალვას და საღვთო ლიტურგიას, რომელიც 2026 წლის 22 მარტს გაიმართება. თუმცა, 2026 წლის თებერვალში სომხეთის პროკურატურამ გარეგინ II-ის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და მღვდელმთავარს მოგზაურობაზე აკრძალვა დაუწესა.
სომხეთის ხელისუფლება კონფლიქტშია სომხური სამოციქულო ეკლესიის ლიდერებთან. იანვარში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გააკრიტიკა ეკლესია, კათოლიკოსი გარეგინ II ცელიბატის დარღვევაში დაადანაშაულა და გადადგომისკენ მოუწოდა. საპასუხოდ, სომხური სამოციქულო ეკლესიის უმაღლესმა სულიერმა საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომ ფაშინიანმა ეკლესიის წინააღმდეგ „კიდევ ერთი კამპანია“ დაიწყო.
ამის შემდეგ ფაშინიანმა კათოლიკოსის მოწინააღმდეგე ათ ეპისკოპოსთან ერთად, ხელი მოაწერა „სომხური სამოციქულო ეკლესიის კეთილმოწყობის გზამკვლევს“. ეს დოკუმენტი მოითხოვს კათოლიკოს გარეგინ II-ის გადაყენებას. სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა სომხური სამოციქულო ეკლესიის რამდენიმე მღვდლის წინააღმდეგ და სომხეთის მთავრობამ ასევე დაამტკიცა მიწის კოდექსში ცვლილებები, რომლებიც სომხურ სამოციქულო ეკლესიას მიწის უსასყიდლოდ მიღების უფლებას ართმევს.
17 მარტს, გვიან საღამოს, თბილისში, კლინიკა „კავკასიის მედიცინის ცენტრში“, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი;სინოდის გადაწყვეტილებით, მას კვირას, 22 მარტს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ;კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა;საქართველოს პატრიარქის გარდაცვალების გამო ქვეყანა სამძიმრის წერილებს იღებს მაღალი იერარქიის სასულიერო პირებისაგან და მაღალი თანამდებობის პირებისგან.