„ლელო“: აუცილებელია დაიწყოს პოლიტიკური მოლაპარაკებები „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის
„ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანის, ირაკლი კუპრაძის თქმით, აუცილებელია გადაილახოს ურთიერთგანადგურების დამანგრეველი ლოგიკა და დაიწყოს პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური მოლაპარაკებები “ქართულ ოცნებასა” და იმ ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვეს, მიუხედავად არჩევნების არადემოკრატიულად ჩატარებისა და „ქართული ოცნების“ მხრიდან ოფიციალური შედეგებით რეალობის გაყალბებისა.
ირაკლი კუპრაძის თქმით, „ლელო-ძლიერი საქართველო“ დარწმუნებულია, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისიდან მშვიდობიანი, დემოკრატიული და სახელმწიფოებრივი გამოსავალი მდგომარობს შეთანხმებაში, გაიმართოს ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები.
“რეგიონში არსებული უმძიმესი გამოწვევების ფონზე, დღეს საქართველოს სჭირდება პოლიტიკური სტაბილურობა, ეროვნული კონსოლიდაცია და ძლიერი დემოკრატიული ლეგიტიმაციის მქონე პოლიტიკური სისტემა, - ნათქვამია "ლელოს" განცხადებაში, - დღეს საქართველოს სჭირდება, რომ დაიწყოს ქვეყნის შიდა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაზე ორიენტირებული ფართო პოლიტიკური დიალოგი, უკიდურესად პოლარიზებული საზოგადოების წარმომადგენელთა აქტიური ჩართულობით. <...> არსებული პოლიტიკური კრიზისიდან მშვიდობიანი, დემოკრატიული და სახელმწიფოებრივი გამოსავალი არის შეთანხმება ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების გამართვაზე. ახალი არჩევნები არის ერთადერთი გზა, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავლისთვის აუცილებელ სტაბილურ გარემოს შექმნის. ამის პარალელურად ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის შემცირების მიზნით, აუცილებელია პოლიტპატიმრების გათავისუფლება”.
„ძლიერი საქართველო – ლელოს“ მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, “ლელო” მზად არის პასუხისმგებლობით იმოქმედოს ყველა იმ პოლიტიკურ ძალასთან ერთად, რომლისთვისაც საქართველოს უსაფრთხოება და დემოკრატია უმთავრესი ეროვნული პრიორიტეტია.
“ჩვენ გვჯერა, რომ სწორედ პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური დიალოგი, დემოკრატიული პროცესის აღდგენა და ქვეყნის ევროპული განვითარების გზაზე დაბრუნება არის ერთადერთი გამოსავალი კრიზისში, რომელშიც ქართული სახელმწიფო მისი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წლის თავზე აღმოჩნდა“,- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.