სომხეთის პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი აშშ-ში გაემგზავრა
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა.
19 თებერვალს ფაშინიანი, მსოფლიოს სხვა არაერთი ქვეყნის ლიდერთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივით შექმნილი „მშვიდობის საბჭოს“ პირველ სხდომაში, რომელიც ვაშინგტონში გაიმართება.
აშშ-ის პრეზიდენტი „მშვიდობის საბჭოს“ პირველ ეტაპზე განიხილავდა ორგანოდ, რომელიც ისრაელსა და ჰამასს შორის საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ კოორდინირებას გაუწევდა ღაზის სექტორის მართვას და აღდგენას, თუმცა საბჭოს წესდება, რომელსაც 2026 წლის იანვარში დავოსში ხელი მოაწერეს 20-მდე ქვეყნის ლიდერებმა, ითვალისწინებს უფრო ფართო მანდატს და კონფლიქტების გადაწყვეტას სხვა რეგიონებშიც.საბჭოში, რომელსაც ტრამპი ხელმძღვანელობს, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან მიწვეულია აზერბაიჯანიც.
აშშ-ის ადმინისტრაცია აქტიურად იყო ჩართული სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის პროცესში.სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში, შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თანდასწრებით ხელი მოაწერეს შეთანხმებას სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების მიზნით.2026 წლის 9-11 თებერვალს სომხეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი.აშშ-ის პრეზიდენტმა „მშვიდობის საბჭოში" მიიწვია უკრაინა, რუსეთი და ბელარუსიც. ასევე, ჩინეთი, თურქეთი და არაერთი არაბული და ევროპული სახელმწიფო.
„მშვიდობის საბჭოში“ მუშაობაზე უარი თქვეს ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ.
ტრამპის ინიციატივისადმი კრიტიკულად განწყობილთა პოზიციაა, რომ მსოფლიოში კონფლიქტების მოსაგვარებლად უკვე არსებობს საერთაშორისო ორგანიზაცია - გაერო.