Spiegel: Deutsche Bank-ში ჩხრეკა ჩატარდა აბრამოვიჩის ფულის სავარაუდო გათეთრებასთან დაკავშირებით
გერმანიის ფედერალური კრიმინალური პოლიციის უწყების თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს Deutsche Bank-ის შტაბ-ბინებში ფრანკფურტსა და ბერლინში, იუწყება Der Spiegel.
გამოცემის წყაროების ცნობით, საქმე რუსი მილიარდერის, რომან აბრამოვიჩის საკუთრებაში არსებულ კომპანიებს უკავშირდება. ის 2022 წლის გაზაფხულიდან არის ევროკავშირის სანქციების სიაში.
ფრანკფურტის პროკურატურამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გამოძიება „მიმდინარეობს Deutsche Bank-ის ჯერ კიდევ უცნობი პირებისა და თანამშრომლების წინააღმდეგ“. გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ ბანკს ადრე საქმიანი კავშირები ჰქონდა უცხოურ კომპანიებთან, რომლებზეც არსებობს ეჭვი, რომ ისინ ფულის გათეთრებისთვის გამოიყენებოდნენ.
აბრამოვიჩის ადვოკატმა გამოცემას განუცხადა, რომ მისმა „კლიენტმა არ იცის გერმანიის ხელისუფლების მიერ ჩატარებული რაიმე გამოძიების შესახებ“.
Deutsche Bank-მა დაადასტურა, რომ მის შენობაში გამოძიება მიმდინარეობს და ხელისუფლებასთან სრული თანამშრომლობის შესახებ განაცხადა, თუმცა დეტალებზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
შარშან დეკემბერში დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ აბრამოვიჩს მოსთხოვა, რომ საფეხბურთო გუნდ „ჩელსის“ გაყიდვიდან მიღებული 2 მილიარდ გირვანქა სტერლინგზე მეტი თანხა გადაერიცხა უკრაინისთვის „ნებისმიერი დახმარებისთვის“, ასევე 150 მილიონი გირვანქის ოდენობის პროცენტები, რაც 2022 წლიდან იყო გაყინული მისი კომპანიის, Fordstam-ის, საბანკო ანგარიშზე. თანხების უკრაინის დახმარების ფონდში გადარიცხვა ლონდონის კლუბის გაყიდვის დასრულების ერთ-ერთი პირობა იყო.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ რომან აბრამოვიჩი დიდ ბრიტანეთში, სადაც ის ცხოვრობდა, სანქციების სიაში შეიყვანეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სავარაუდო სიახლოვის გამო. სანქციები აქტივების გაყინვას მოიცავდა. საერთო ჯამში ჯერსის სასამართლოებმა გაყინეს ბიზნესმენის აქტივები, რომელთა ჯამური ღირებულება 5 მილიარდ გირვანქა სტერლინგზე მეტია.