გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკს და თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსს სურთ, რომ ბერლინმა უკრაინას დამატებით 3 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარება გაუწიოს გერმანიაში 23 თებერვალს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებამდე.
გამოცემა Der Spiegel-ის წყაროების ინფორმაციით, ამას ეწინააღმდეგება ფედერალური კანცლერი, სოციალ-დემოკრატი ოლაფ შოლცი.
გამოცემის თანახმად, თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრები იარაღის ახალი პარტიით უკრაინის დახმარების აუცილებლობას იმით ასაბუთებენ, რომ ბოლო თვეებში რუსეთის შეტევის დაჩქარების გამო ფრონტზე უკრაინის მდგომარეობა გაუარესდა და ამასთან, გაურკვეველია, განაგრძობს თუ არა აშშ უკრაინის სამხედრო დახმარებას დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, რომელიც 20 იანვარს გაიმართება.
Der Spiegel-ის ინფორმაციით, ოლაფ შოლცი უარს იმით ხსნის, რომ გერმანიის მომავალი მთავრობა, რომელიც თებერვლის არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბდება, ფაქტის წინაშე არ უნდა დააყენონ.
გარდა ამისა, შოლცი სწრაფად მოქმედების აუცილებლობას ვერ ხედავს, რადგან მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე საკმარისია უკრაინის დასახმარებლად გერმანიის წლევანდელი ბიუჯეტით უკვე გათვალისწინებული 4 მილიარდი ევრო.
გერმანული გამოცემის წყაროები ვარაუდობენ, რომ რეალურად ოლაფ შოლცს არ სურს საარჩევნო კამპანიის დროს გამოაცხადოს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდა, რათა ამით სოციალ-დემოკრატების პოტენციური ამომრჩევლების უკმაყოფილება არ გამოიწვიოს.
ევროკავშირის სახელმწიფოებიდან უკრაინას ყველაზე დიდ სამხედრო დახმარებას გერმანია უწევს.
ამასთან, კანცლერმა ოლაფ შოლცმა უარი თქვა უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედების რაკეტების, Taurus-ის მიწოდებაზე.
კიევმა გერმანიის კანცლერი გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან სატელეფონო საუბრის გამოც, რომელიც 15 ნოემბერს გაიმართა. უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ შოლცმა პანდორას ყუთი გახსნა.