რუსეთი ახლოსაა ჩრდილოეთ კორეისთვის თანამედროვე სატელიტური ტექნოლოგიების გადაცემასთან, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ორშაბათს სამხრეთ კორეაში ვიზიტის დროს განაცხადა.
"კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა უკვე იღებს რუსულ სამხედრო ტექნიკას და დახმარებას სამხედრო პერსონალის მომზადებაში, - აღნიშნა ბლინკენმა, - ამდენად, ჩვენ გვაქვს საფუძველი დავიჯეროთ, რომ მოსკოვი აპირებს მოწინავე კოსმოსური და სატელიტური ტექნოლოგიების გაზიარებას ფხენიანთან."
დასავლელი ექსპერტები შიშობენ, რომ ამ ტექნოლოგიებით ჩრდილოეთი კორეა შეძლებს სამიზნეების იდენტიფიცირებას თავისი პოტენციური ოპონენტების ტერიტორიაზე მთელ მსოფლიოში.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა ჩრდილოეთ კორეას შესთავაზა დახმარება თანამგზავრების გაშვებასა და მშენებლობაში ჩრდილოეთ კორეის იმ საარტილერიო ჭურვების მიწოდების სანაცვლოდ, რომლებიც რუსეთის არმიამ გამოიყენა უკრაინაში შეჭრის დროს. 2023 წლის ნოემბერში ორბიტაზე სადაზვერვო თანამგზავრის ერთადერთი წარმატებული გაშვების შემდეგ, შარშან წარუმატებლად დასრულდა მსგავსი თანამგზავრების გაშვების რამდენიმე მცდელობა ჩრდილოეთ კორეის მიერ.