"ოსვენციმის საერთაშორისო კომიტეტი" შეშფოთებით გამოეხმაურა მანდატს, რომელიც მიიღო ავსტრიის ულტრამემარჯვენე პარტია "თავისუფლებამ", ვენაში მთავრობის ფორმირების მიზნით.
ეს მანდატი მიეცა პარტიას, რომელიც "უფრო მეტადაა ჩართული მემარჯვენე ექსტრემიზმში და ნეო-ნაცისტურ აზროვნებაში და ქმედებებში, ვიდრე თითქმის სხვა ყველაფერში" - თქვა ორგანიზაციის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, კრისტოფ ჰიუბნერმა 6 იანვარს, მის სიტყვებს ავრცელებს გერმანიის სააგენტო dpa. ამის გაძლება "განსაკუთრებით რთულია ჰოლოკოსტს გადარჩენილთათვის ... მათთვის ეს დღე ნიშნავს კიდევ ერთ ბნელ მწვერვალს ევროპული დავიწყების გზაზე".
ჰიუბნერი შეშფოთებას გამოთქვამს იმ გარემოების გამო, რომ უფრო და უფრო მეტი ამომრჩეველი უჭერს მხარს ულტრამემარჯვენე ძალებს და ემხრობა იდეოლოგიებს, რომლებმაც, მისი თქმით, ევროპა უწინ უფსკრულში გადაჩეხეს.
"ოსვენციმის საერთაშორისო კომიტეტი" დააარსეს ნაცისტური გერმანიის სიკვდილის ბანაკს, ოსვენციმი-ნირკენაუს გადარჩენილებმა.
ავსტრიის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვან დერ ბელენმა პარტია "თავისუფლებას" ოფიციალურად დაავალა მთავრობის ფორმირება, პარტიის ლიდერთან, ჰერჰერტ კიკლთან შეხვედრის შემდეგ. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა კონსერვატიული ორიენტაციის, სახალხო პარტიის ახალი ლიდერის, კრისტიან სტოკერის განცხადება, რომ მისი პარტია მოლაპარაკებებს გამართავს კიკლთან - რამდენიმე თვეში მას შემდეგ, რაც პარტია "თავისუფლებამ" საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. სტოკერი მისმა პარტიამ აირჩია ლიდერად მას მერე, რაც კანცლერმა კარლ ნეჰამერმა 4 იანვარს გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო, ცენტრისტული ორიენტაციის პარტიებთან კოალიციის შექმნაზე მოლაპარაკების კოლაფსის ფონზე.