უკრაინის სუმის ოლქში 4 იანვარს რუსეთის ავიადარტყმის შედეგად ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის სადარბაზო ჩამოინგრა. ამის შესახებ რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური იტყობინება ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით.
ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ სახლზე დარტყმა განხორციელდა რუსეთის კორექტირებადი ავიაბომბით.
კიდევ ერთი ავიაბომბი მოხვდა მეზობელ საცხოვრებელ კვარტალს, იტყობინება უკრაინის საზოგადოებრივი ტელერადიოკომპანია.
შაბათს საღამოს სუმის ოლქს შეუტიეს რუსეთის უპილოტო საფრენმა აპარატებმა. შედეგების შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია. რუსეთის არმიას დარტყმების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.