აშშ-მა სანქციები დაუწესა რუს მოსამართლეს, რომელმაც შვიდი წლით მიუსაჯა პატიმრობა უფლებადამცველ ალექსეი გორინოვს - უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის კრიტიკის გამო.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ 31 დეკემბერს გამოაცხადა, რომ სანქციებს უწესებს ოლესია მენდელეევას, მისი როლისთვის მოსკოვის მუნიციპალიტეტის ყოფილი დეპუტატის, გორინოვის თვითნებურ დაკავებაში.
63 წლის გორინოვი იყო პირველი პირი, რომელიც ციხეში მოხვდა რუსეთში მოქმედი, ომთან დაკავშირებული ცენზურის წესების გამო, იგი არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დისიდენტი პატიმარი, რომელიც კვლავაც რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფება.
გორინოვი 2022 წელს სცნეს დამნაშავედ რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში - მას შემდეგ, რაც მან მოსკოვის საქალაქო საბჭოში თქვა, რომ უკრაინაში მოსკოვის შეჭრის შედეგად ყოველდღიურად იხოცებოდნენ ბავშვები. ამასთან, გორინოვმა რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას უწოდა "ომი" და არა "საგანგებო ოპერაცია" - იუწყება აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო.
"მენდელეევამ, რომელიც ცნობილია გრძელი და მკაცრი განაჩენების გამოტანით, გორინოვს მსჯავრი დაადო რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის განზრახ გავრცელების გამო, რითიც გახდა რუსეთში პირველი მოსამართლე, რომელმაც განსასჯელი ... ამ ბრალდებაში სცნო დამნაშავედ" წერს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო.
შვიდწლიანი განაჩენიდან ორი წელიწადის მოხდის შემდეგ, გორინოვს ნოემბერში კიდევ სამი წლით მიუსაჯეს პატიმრობა, ტერორიზმის გამართლების ბრალდებით - ეს განაჩენი ეფუძნებოდა საუბარს, რომელიც მას თითქოს თანამოსაკნეებთან ჰქონდა უკრაინის აზოვის დანაყოფის შესახებ.
სასამართლო სხდომაზე გორინოვმა გადაჭრით უარყო ტერორიზმთან ნებისმიერი კავშირი და საკუთარ თავს უწოდა "ურყევი ინტერნაციონალისტი და ომისა და ძალადობის მოწინააღმდეგე".
მენდელეევას სანქციები დაეკისრა „მაგნიტსკის აქტის“ ფარგლებში. „მაგნიტსკის აქტი“ ითვალისწინებს შეზღუდვებს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებისთვის.