შეერთებულმა შტატებმა სანქციების სიაში შეიტანა კრემლის მხარდამჭერი ფილოსოფოსის, ალექსანდრ დუგინის მიერ დაარსებული „გეოპოლიტიკური ექსპერტიზების ცენტრი“. შეზღუდვები დაუწესდათ ასევე ცენტრის დირექტორს, ვალერი კოროვინს, და მოსკოვის მეშჩანსკის სასამართლოს მოსამართლეს, ოლესია მენდელეევას.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, „გეოპოლიტიკური ექსპერტიზების ცენტრი“ და კოროვინი ცდილობდნენ ჩარეულიყვნენ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ამავე მიზეზით, სანქციები დაუწესდა ირანის „შემეცნებითი დიზაინის წარმოების ცენტრს“, რომელიც, როგორც ამტკიცებენ, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს უკავშირდება.
მოსამართლე მენდელეევა სანქციების სიაში შევიდა „მაგნიტსკის აქტის“ ფარგლებში. „მაგნიტსკის აქტი“ ითვალისწინებს შეზღუდვებს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებისთვის.
2022 წელს მენდელეევამ ყოფილ მუნიციპალურ დეპუტატ ალექსეი გორინოვს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა რუსეთის არმიის შესახებ ეგრეთ წოდებული ფეიკების გავრცელების საქმეზე, ნათქვამია ამერიკის საფინანსო უწყების განცხადებაში.