მოსკოვში დააკავეს სომხეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი არშაკ კარაპეტიანი. ამის შესახებ იტყობინება ტელეგრამის არხი „112“, ასევე იუწყება RBC შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით. 112-ის ცნობით, დაკავება მოხდა ტვერსკაიას ქუჩაზე.
წინასწარი ინფორმაციით, კარაპეტიანი სომხეთის ძალოვანი უწყებების თხოვნით დააკავეს. ყოფილი თანამდებობის პირი სამშობლოში რამდენიმე მუხლით იძებნება. ესენია: „სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობა“, „სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება“ და „ძალაუფლების ბოროტად გამოყენება“.
2018 წლიდან 2021 წლამდე კარაპეტიანი იყო სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მრჩეველი. 2021 წლის აგვისტოში ის სომხეთის თავდაცვის მინისტრად დაინიშნა, თუმცა სამი თვის შემდეგ ამ თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ფაშინიანმა ეს გადაწყვეტილება ახსნა კარაპეტიანის მიერ სომხეთის საზღვრის დაცვაში წარუმატებლობით.
„მაშინ, როცა მისი მოხსენების დროს აზერბაიჯანის ჯარები შემოიჭრნენ [სომხეთის] ტერიტორიაზე, ჩვენი საზღვრის რამდენიმე მონაკვეთზე, და პოზიციებიც კი დაიკავეს, მან - თავდაცვის მინისტრმა - ან არ იცოდა ამის შესახებ, ან იცოდა და არ იტყობინებოდა. ასეთ პირობებში არავის შევეგუები“, განაცხადა ფაშინიანმა.