ხორვატიაში პრეზიდენტობის ვერცერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო პირველივე ტურში გამარჯვება. ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს, მთავრობის ოპოზიციაში მყოფი სოციალ-დემოკრატების კანდიდატ ზორან მილანოვიჩს გასამარჯვებლად დააკლდა ხმების დაახლოებით 1%.
ხორვატიის საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 29 დეკემბერს ჩატარებულ არჩევნებში მილანოვიჩს ხმა მისცა კენჭისყრაში მონაწილეთა 49,1%-მა. პირველივე ტურში გასამარჯვებლად ხმების 50%-ზე მეტია საჭირო.
19,35%-ით მეორე ადგილზე გავიდა პროფესიით ექიმი, ხორვატიის მეცნიერების, განათლებისა და სპორტის ყოფილი მინისტრი დრაგან პრიმორაცი. ის ხორვატიის მთავრობაში მყოფი მემარჯვენე-კონსერვატიული პარტიის, „დემოკრატიული კავშირის“ ყოფილი წევრია. 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით მონაწილე პრიმორაცს მხარს ყოფილი თანაპარტიელები უჭერენ.
ხორვატიის პრეზიდენტის არჩევნებში სულ 8 კანდიდატი მონაწილეობდა. მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობას ზორან მილანოვიჩი და დრაგან პრიმორაცი მიიღებენ, 2025 წლის 12 იანვარს გაიმართება.
ზორან მილანოვიჩი ნატოს და ევროკავშირის წევრი ხორვატიის პრეზიდენტია 2020 წლიდან. მილანოვიჩს კრიტიკული დამოკიდებულება აქვს უკრაინის მიმართ.
2022 წელს, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიან შეჭრამდე, ზორან მილანოვიჩმა უკრაინას მსოფლიოში ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა უწოდა. ომის დაწყების შემდეგ მილანოვიჩი აკრიტიკებდა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას და რუსეთისთვის სანქციების დაწესებას.
2024 წლის ნოემბერში ხორვატიის მედია წერდა, რომ მილანოვიჩს „პუტინის პუდელი“ უწოდა მემარჯვენე-კონსერვატორმა პრემიერ-მინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა.