„ბრძოლა ევროპული მომავლისთვის “ - შეიძლება ითქვას, რომ 2024 წლის ყველაზე მნიშვნელოვან ამბებს სწორედ ეს საერთო მიზანი აკავშირებს. იმავეს ასახავდა რადიო თავისუფლების ფოტოობიექტივიც. აი, რამდენიმე ყველაზე გამორჩეული მომენტი, რომლებიც ჩვენს არქივს შემორჩა.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლე დატოვა, თუმცა მანამდე მის მხარდასაჭერად შეკრებილ ხალს მიმართა:
„მე ჩემთან ერთად მიმაქვს ლეგიტიმურობა, ჩემთან ერთად მიმაქვს დროშა, ჩემთან ერთად მიმაქვს ის, რაც არის თქვენი ნდობა“.
ზურაბიშვილი ორბელიანის სასახლიდან მიმართვის შემდეგ ხალხთან გავიდა, სადაც მას მადლობა გადაუხადეს და მის სახელს სკანდირებდნენ.
ქართველი მოცეკვავეები ოპერის თეატრიდან პარლამენტამდე ხორუმის ცეკვით მიემართებიან. მათ მოქალაქეებიც შეუერთდნენ, რომლებმაც ფერხულში ჩაბმამდე ისწავლეს საცეკვაო ილეთი.
ეს სანახაობა პროტესტის ნაწილია. ამ მომენტისთვის თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში თითქმის ერთი თვეა, რაც უწყვეტი პროევროპული გამოსვლები არ წყდება.
პარლამენტის წინ ნაძვის ხე თბილისის მერს 14 დეკემბერს, საღამოს, შვიდ საათზე უნდა აენთო. ის გამთენიისას ჯერ შემოღობეს, საზეიმო გახსნისთვის სცენაც მოამზადეს და გარშემო პოლიციელები დააყენეს, მაგრამ პროევროპული აქციის მონაწილეები მე-17 დღესაც მივიდნენ პროტესტის ადგილას და ნაძვის ხის საზეიმო ანთება გადაიდო.
საარჩევნო კოლეგიამ პრეზიდენტად აირჩია "ქართული ოცნების" მიერ დასახელებული ერთადერთი კანდიდატი, ყოფილი ფეხბურთელი და მეცხრე-მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი მიხეილ ყაველაშვილი.
მე-5 პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ ყაველაშვილის არჩევას უწოდა „პროვოკაცია“ და „პაროდია“. პროცესის პარალელურად რუსთაველის გამზირზე რამდენიმე აქცია მიმდინარეობდა: "აჩვენე დიპლომი ყაველაშვილს", " ჩემი შვილია, ხელი გაუშვი!" და სხვა.
მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების თაობაზე კონსულტაციებს წყვეტს, უკმაყოფილო და აღშფოთებული მოქალაქეები პარლამენტთან შეიკრიბნენ.
პროევროპული აქციის დროს აკავებენ პროტესტის მონაწილეს.
"ოლიგარქო, წადი, ჩვენ ვრჩებით" - პროტესტი გაყალბებული არჩევნების გამო და ქალთა მარში ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან.
მას შემდეგ, რაც საპოლიციო ძალებმა საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც 17 ნოემბრიდან იყო გადაკეტილი, პოლიციამ მელიქიშვილის გამზირზე აქციის მონაწილეები დააკავა.
აქციის მონაწილეებს, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ, ამ ტერიტორიაზე კარვები ჰქონდათ გაშლილი.
ცესკოსთან შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები უყურებენ ვიდეოს, სადაც ჩანს, როგორ ასხამს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოპოზიციური წევრი დავით კირთაძე შავ საღებავს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს.
ინციდენტი მოხდა სხდომაზე, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შესაჯამებლად დაინიშნა.
"ქართული ოცნების" და ბიძინა ივანიშვილის ბოლო წინასაარჩევნო შეხვედრა თბილისში. წინასაარჩევნო შეხვედრებისას ბიძინა ივანიშვილი სიტყვის წარმოთქმისას დაცული იყო ტყვიაგაუმტარი შუშით. ამ კონსტრუქციას მის გამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე აგებდნენ და ყოველი გამოსვლის შემდეგ ისევ შლიდნენ.
შუქრუთელების რამდენიმედღიანი შიმშილი და პროტესტი პარლამენტის წინ უშედეგოდ დასრულდა.
გულშემატკივრების რეაქცია, როდესაც საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა.
18 სექტემბერს თბილისში, ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს საკუთარ ბინაში მოკლული 37 წლის ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე.
მის სამოქალაქო პანაშვიდს ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
გამოძიების ინფორმაციით, 26 წლის კაცმა, მისმა პარტნიორმა ტრანსგენდერი ქალი განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა.
პარლამენტთან შეკრებილი ხალხის ემოცია, როდესაც პარლამენტმა „აგენტების კანონი“ მეორე მოსმენით მიიღო
"რუსული კანონის" წინააღმდეგ გამართული მსვლელობის მონაწილეები.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მოქალაქეებმა მარში გამართეს და იმ ადამიანების ფოტოები მიიტანეს, რომლების "რუსული კანონის" წინააღმდეგ გამართულ პროტესტში მონაწილეობისთვის დააკავეს.
საპროტესტო აქციების მონაწილე ქაშვეთის დახურულ კართან ლოცულობს.
ევროპის დღესთან დაკავშირებით და "რუსული კანონის" გასაპროტესტებლად ათასობით ადამიანი შეიკრიბა.
"რუსული კანონის" საწინააღმდეგო აქციის მონაწილე და პატრულის თანამშრომელი ერთმანეთს აღდგომას ულოცავენ.
"რუსული კანონის" საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები გმირთა მოედანზე პატივს მიაგებენ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტ ნატა ფერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა ეს გადაწყვეტილება მიიღო სამების საკათედრო ტაძარში მატრონა მოსკოველის ხატისთვის საღებავის შესხმის გამო.
სტალინის გამოსახულებიან მატრონას ხატს, სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ საღებავი შეასხა.