ექსპერიმენტული საშუალო რადიუსის რაკეტა „ორეშნიკის“ რუსი მწარმოებლები იყენებენ გერმანული და იაპონური კომპანიების აღჭურვილობას, წერს Financial Times-ი.
პუტინმა განაცხადა, რომ 21 ნოემბერს რუსეთმა დნეპრს რაკეტა „ორეშნიკით“ დაარტყა. გაშვებული ბალისტიკური რაკეტა იყო „არაბირთვული ჰიპერბგერითი აღჭურვილობისა“ და არა ბირთვული ქობინით. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა საბრინა სინგმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ორეშნიკი შეიქმნა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა RS-26 „რუბეჟის“ რუსული მოდელის საფუძველზე.
გამოცემის თანახმად, მოსკოვის თერმული ინჟინერიის ინსტიტუტმა და კონცერნმა „სოზვეზდიემ“, რომელსაც უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველო „ორეშნიკის“ დეველოპერებად თვლის, აიყვანეს თანამშრომლები, რომლებიც იცნობდნენ იაპონური Fanuc-ისა და გერმანული Siemens-ისა და Heidenhain-ის ტექნიკას.
მოსკოვის თერმული ინჟინერიის ინსტიტუტი, რომელიც არის რუსული მყარი საწვავის ბალისტიკური რაკეტების განვითარების წამყვანი ინსტიტუტი, 2024 წლის განცხადებებში მიუთითებდა, რომ იყენებს Fanuc-ის, Siemens-ისა და Heidenhain-ის ლითონის დამუშავების სისტემებს. სამივე კომპანია აწარმოებს კომპიუტერული რიცხობრივი კონტროლის (CNC) მანქანების მართვის სისტემებს. ისინი ასევე მითითებული იყო კონცერნ „სოზვეზდიეს“ რეკლამებში, ამტკიცებს Financial Times-ი.
„ორეშნიკის“ წარმოებაში მონაწილეობას იღებს ფედერალური კვლევითი და საწარმოო ცენტრი „ტიტან-ბარიკადი“. წლის დამდეგს გამოქვეყნებულ ვიდეოში საწარმომ აჩვენა თანამშრომელი, რომლის ფონზე მოჩანს აღჭურვილობა წარწერით Fanuc.
პუტინი ამტკიცებს, რომ რუსეთს მოეპოვება რამდენიმე მზა რაკეტა „ორეშნიკი“. ავიაციის ექსპერტ კონსტანტინ კრივოლაპს ეჭვი შეაქვს პუტინის მიერ დასახელებული რაკეტების რაოდენობაში. „თუ არსებობს, მაშინ არის მაქსიმუმ ორი რაკეტა, შეიძლება იყოს სამი,“ თქვა მან, „ის, რაც მათ გამოაჩინეს, არის რაკეტების ის პროტოტიპები, რომლებიც გამიზნული იყო იმის დემონსტრირებისთვის, რომ ასეთი რაკეტა არსებობს“. დასავლელი ექსპერტების აზრით, რაკეტა „ორეშნიკი“ არ არის ბოლომდე განვითარებული.