უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა დაინტერესებულია სირიაში ვითარების სტაბილურობით და სწამს, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია იქიდან რუსეთის ძალების გასვლა.
"მადლობელი ვართ ყველა ქვეყნის და ყველა ლიდერის, ვინც ახლა მზადაა, სირიის საზოგადოებას დაეხმაროს ნორმალური ცხოვრების აღდგენასა და ეფექტიანი სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობაში", - წერს ზელენსკი პლატფორმაზე X-ზე 23 დეკემბერს და პირობას დებს, რომ სირიას მხარდაჭერას აღმოუჩენს სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
"მზად ვართ, ვიმუშაოთ სირიის ხალხის წარმომადგენლებთან ასადის რეჟიმის შეცდომების გამოსასწორებლად, კერძოდ, უკრაინასთან და მთელს ევროპასთან მიმართებით", - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.
რუსეთმა სირიის ყოფილ პრეზიდენტს, ბაშარ ალ-ასადს და მის ოჯახს მიმდინარე თვეში მისცა თავშესაფარი - მას მერე, რაც მეამბოხეებმა დამასკზე დაამყარეს კონტროლი.
საგარეო ურთიერთობების საკითხებში კრემლის თანაშემწემ, იური უშაკოვმა 23 დეკემბერს თქვა, რომ კრემლს კონტაქტი აქვს სირიის ახალ ადმინისტრაციასთან როგორც დიპლომატიურ, ისე სამხედრო დონეზე. მოსკოვს აშფოთებს სირიაში იმ საზღვაო ობიექტის და საჰაერო ბაზის ბედი, რომლებსაც ის ამუშავებს.
ზელენსკი ამავდროულად კიდევ ერთხელ გამოვიდა რუსეთის ჩრდილოეთ კორეასთან თანამშრომლობის საკითხზე გაფრთხილებით.
რუსეთმა მიმდინარე თვეში დაიწყო ჩრდილოეთ კორეის სამხედროების ჩართვა თავის არმიაში, მათ შორის კურსკის სასაზღვრო რეგიონში, სადაც უკრაინის ძალებმა მიმდინარე წელს გარკვეული არეალები დაიკავეს.
კიევი თავის მოკავშირეებს კვლავ მოუწოდებს, უფრო მკაცრი პასუხი გასცენ ამ მოვლენებს, რომლებიც, უკრაინის თქმით, წარმოადგენს გლობალურ საფრთხეს, რადგან მოიცავს რუსეთის საომარი გამოცდილებისა და საბრძოლო ტექნოლოგიების ფხენიანთან გაზიარებას.
ზელენსკის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ოლექსანდრ სირსკის მიერ მიწოდებული წინასწარი მონაცემებით, 3000-ს გადააჭარბა კურსკის რეგიონში მოკლული და დაჭრილი ჩრდილოკორეელი სამხედროების რიცხვმა.