უკრაინამ დრონებით შეუტია რუსეთის როსტოვის ოლქის ქალაქ მილეროვოსთან მდებარე სამხედრო აეროდრომს. ამის შესახებ ადგილობრივი ტელეგრამ-არხები იუწყებიან. მილეროვოს რაიონში აფეთქებები 23 დეკემბერს, ღამით, იყო.
რუსეთის როსტოვის ოლქი უკრაინის ლუგანსკის და დონეცკის ოლქებს ესაზღვრება.
როსტოვის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა იური სლიუსარმა მილეროვოს რაიონზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა დაადასტურა. ამასთან, ტელეგრამით გამოქვეყნებულ ცნობებში ის არ ახსენებს სამხედრო აეროდრომს.
პირველი ინფორმაცია, რომ მილეროვოს რაიონში 8 დრონი ჩამოაგდეს, სლიუსარმა 23 დეკემბერს, ადგილობრივი დროით ღამის 11 საათისთვის გაავრცელა, დღეს, 24 დეკემბერს, დილის 7 საათისთვის კი ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ მილეროვოს და ტარასოვის რაიონებში განადგურებულია კიდევ 4 დრონი. გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ირწმუნება, რომ არავინ დაშავებულა.
უკრაინას სამხედრო აეროდრომ „მილეროვოზე" შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ეს ობიექტი ქალაქ მილეროვოდან ხუთ კილომეტრში მდებარეობს. აეროდრომზე დისლოცირებულია სუ-ს ტიპის გამანადგურებლები.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ამ აეროდრომს პირველად დაარტყეს რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან მეორე დღეს, 2022 წლის 25 თებერვალს. მილეროვოს სამხედრო აეროდრომზე დრონებით შეტევა იყო 2024 წლის ზაფხულშიც.