ახალციხეში, ნუცა ბუზალაძის და ესტრადის სხვა მომღერლების კონცერტის მიმდინარეობისას "კოალიცია ცვლილებებისათვის" წევრი დავით ახალკაცი დააკავეს.
დაკავების მიზეზი გახდა დავით ახალკაცის ხმამაღალი შეძახილი, რომ ის "სცენაზე მონას ელოდებოდა". ახალკაცსა და კონცერტზე მყოფ მოქალაქეს შორის შელაპარაკება მოხდა, რა დროსაც მათთან ახალციხის მერის მოადგილე, ვაჟა გაჩეჩილაძე მივიდა და კოალიცია "ცვლილებებისთვის" წევრი პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშაულა.
ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ და დავით ახალკაცი ადგილიდან გაიყვანეს. თავდაპირველად დავით ახალკაცი ტერიტორიას განარიდეს, ხოლო მოგვიანებით დადასტურდა, რომ იგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველების მიმართ დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია საახალწლო კონცერტებში მონაწილე მომღერლებს ჰონორარის სახით ჯამში 41 000 ლარს უხდის. მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ ახალციხეში ორი საათის განმავლობაში 18 სიმღერა შეასრულა, რის გამოც ჰონორარის სახით 18 000 ლარს მიიღებს.
ასევე, დღევანდელი კონცერტის მონაწილეა მირზა მოდებაძემც. ის 12 სიმღერაში 8 000 ლარს მიიღებს ჰონორარის სახით.
21 დეკემბერს იმღერებს ზუკა ხუციშვილი და მას ახალციხის მერია 10 000 ლარს გადაუხდის, ხოლო 29 დეკემბერს გიორგი ნიკოლაძე (ნიკოლშოუ) გამოვა სცენაზე და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისგან იგი ჰონორარის სახით 5 000 ლარს მიიღებს.
მომღერლების ანაზღაურების გარდა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი გამოაცხადა, საახალწლო ღონისძიების ორგანიზებისთვის საჭირო მომსახურებებზეც, რისთვისაც 53 648 ლარი განისაზღვრა. ამ თანხაში შედის თოვლის პაპა, ფიფქია და 6 სხვადასხვა ზღაპრის გმირების დაქირავება, სცენის მონტაჟი და ტექნიკური მომსახურება, როგორც ახალციხეში, ისე ვალეში საკონცერტო ღონისძიებებისთვის.
ხმის რეჟისორის ჰონორარი, ფეიერვერკი და ნაძვის ხის დაცვის მომსახურება. ახალციხის მუნიციპალიტეტმა ტენდერი საახალწლო განათების შესყიდვაზეც გამოაცხადა, რაც ჯამში 41`410 ლარი უჯდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს.
სულ, საახალწლო ღონისძიებების ჩასატარებლად ახალციხის მუნიციპალიტეტი 135 ათასი ლარს ხარჯავს.