გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა პარასკევს უარყო ამერიკელი მეწარმის, ილონ მასკის შეფასება იმის შესახებ, რომ „გერმანიის გადარჩენა“ მხოლოდ რადიკალურ მემარჯვენე პარტიას შეუძლია. ამავე დროს მან დასძინა, რომ „სიტყვის თავისუფლება მილიარდერებზეც ვრცელდება“.
23 თებერვალს გერმანიაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება მას შემდეგ, რაც დაიშალა სამი პარტიისგან შემდგარი მმართველი კოალიცია, რომელსაც შოლცი ედგა სათავეში. ამის მიზეზი იყო დავა ქვეყნის ეკონომიკის გამოცოცხლების გზების შესახებ.
შოლცს იმედი აქვს, რომ მეორე ვადითაც მოიპოვებს გამარჯვებას, მაგრამ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა მოწმობს, რომ ლიდერობს მთავარი ოპოზიციური ძალა - მემარჯვენე-ცენტრისტული ბლოკი ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიანულ-სოციალური კავშირი. კანცლერის სოციალ-დემოკრატიული პარტია საკმაოდ ჩამორჩება მას.
მემარჯვენე-რადიკალურ პარტიას, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD), მაღალი რეიტინგი აქვს, მაგრამ მის კანდიდატს არა აქვს კანცლერის პოსტის მოპოვების შანსი, ვინაიდან სხვა პარტიები უარს ამბობენ AfD-სთან თანამშრომლობაზე.
დღეს ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაახლოებული პირია, თავის სოციალურ ქსელ X-ში დაწერა: „მხოლოდ AfD-ს შეუძლია გერმანიის ხსნა“.
ოლაფ შოლცმა ესტონეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას ილაპარაკა მასკის განცხადებაზე და თქვა, რომ გერმანიაში ყველა დემოკრატიული პარტია სხვა აზრისაა ამ საკითხზე.
დღესვე კანცლერის პრესმდივანმა კრისტიანე ჰოფმანმა აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობა შეშფოთებას გამოხატავს იმის თაობაზე, თუ როგორ განვითარდა სოცქსელი X, ყოფილი ტვიტერი, მას შემდეგ, რაც ის მასკმა შეისყიდა.
შოლცმა ორშაბათს წააგო ნდობის ვოტუმი. ახლა პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა უნდა დაითხოვოს პარლამენტი და ოფიციალურად გამოაცხადოს ახალი არჩევნების შესახებ. შტაინმაიერმა განაცხადა, რომ ის ამას 27 დეკემბერს გააკეთებს.