გორის ცენტრალურ მოედანზე მათ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ფიტული დაწვეს. ფოტოგრაფთა კლუბის წევრები ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ცენზურის დაწესების მცდელობას აპროტესტებენ.
არასამთავრობო ორგანიზაციის გორელ ფოტოგრაფთა კლუბის წევრებმა გორის მერიას სასამართლოში უჩივლეს. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტას ედავებიან. ფოტოგრაფთა კლუბს ხელოვნების სახლში აქვს ოფისი. გორის მერია კი მათ შენობის დაცლას სთხოვს. ხელოვნების სახლი არის შემოქმედებითი ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს გალერეას და მერაბ მამარდაშვილის სახელობის თავისუფალ სივრცეს. ორგანიზაციის წარმომადგენლები მერიის გადაწყვეტილებას უკავშირებენ საპროტესტო თემაზე გაკეთებულ გამოფენას.
ხელოვანები აცხადებენ, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის რეალური მიზეზი გამოხატვის და შემოქმედებითი თავისუფლების შეზღუდვაა. მათ 18 დეკემბერს სპეციალური განცხადებაც გაავრცელეს და საზოგადოებას თანადგომისკენ მოუწოდეს.
არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, სამოქალაქო სექტორის და სახელოვნებო სფეროების წარმომადგენლები დღეს ჯერ ხელოვნების სახლში შეიკრიბნენ და კოლეგებს სოლიდარობა გამოუცხადეს, მოგვიანებით კი ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს.
"16 ნოემბერს გავხსენით კოლაბორაციული გამოფენა, რომელიც იყო რეფლექსია მიმდინარე პროტესტებზე და აერთიანებდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის განმავლობაში პროტესტის მონაწილეების მიერ გამოყენებულ ფრაზებს. ინსტალაციის გახსნიდან ზუსტად 5 დღეში გორის მერიისგან მივიღეთ წერილი, რომელიც გვთხოვდა 2 თვის წინ განახლებული უზუფრუქტის ხელშეკრულების შეწყვეტას აბსურდული მიზეზით, თითქოს მერიას სჭირდება ხელოვნების სახლის სივრცე, რადგან „მუნიციპალიტეტს არ გააჩნია სხვა შესაბამისი შენობა, რაც აბსურდია და მხოლოდ შემოქმედებითი თავისუფლების შეზღუდვას ემსახურება. ამიტომ მივმართეთ სასამართლოს", ამბობს ფოტოგრაფთა კლუბის ხელმძღვანელი ოთარ გვრიტიშვილი.
ხელოვნების სახლი, გორის ციხესთან, ლომჭაბუკის ძეგლის მიმდებარე სკვერშია განთავსებული. საბჭოთა პერიოდში აქ საქართველოს ციხესიმაგრეების მუზეუმი იყო. საბჭოთა კავშირის დანგრევასთან ერთად, შენობაც ინგრეოდა. მიუხედავად იმისა, რომ ის ყოველთვის ადგილობრივი ხელისუფლების ქონება იყო, მას ყურადღებას არავინ აქცევდა. შენობაში წყალი ჩადიოდა, გარშემო ანტისანიტარია იყო, თვითონ ეს სივრცე კი საზოგადოებრივ საპირფარეშოდ იქცა. ღამით ამ ტერიტორიაზე გავლაც კი საშიში იყო, რადგან იქ კრიმინალური გარჩევები ხშირად ხდებოდა.
2016 წელს ახალგაზრდების ჯგუფმა გორის მერიას შესთავაზა, რომ შენობას და მიმდებარე ტერიტორიას დაასუფთავებდა და კეთილმოაწყობდა. ახალგაზრდების გუნდმა დაიწყო სივრცის დასუფთავება და კამპანია მისი რეაბილიტაციისთვის. ამ პროცესში ჩართული იყო ასობით ადგილობრივი მოხალისე, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები, მათ შორის ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.
პროექტი გამოვიდა, ხელოვნების სახლმა, არასამთავრობო ორგანიზაცია ფოტოგრაფთა კლუბის ასობით ღონისძიებას უმასპინძლა, რაც მოიცავს გამოფენებს, ფესტივალებს, საჯარო ლექციებს, ვორკშოპებს, კინოჩვენებებს, სასწავლო კურსებს და ა.შ.
რამდენიმე წლის წინ ფოტოგრაფთა კლუბის დამფუძნებელი, ოთარ გვრიტიშვილი ამ საქმეების გამო გორის საპატიო მოქალაქედ დაასახელეს. ახლა კი ამ საპატიო მოქალაქეს, თავისივე აღდგენილი შენობიდან ასახლებენ.
ფოტოგრაფთა კლუბის წევრები აცხადებენ, რომ ეს არის კონსტიტუციით გარანტირებული სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა.
გორის მერიამ ორდღიანი დუმილი დღეს დაარღვია და გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერია, რომ მუნიციპალიტეტს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, ნებისმიერ დროს ჰქონდა შეთანხმების შეწყვეტის უფლება.
"გორის მერიის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ მუნიციპალიტეტი აღნიშნულ სივრცეში გეგმავს ინოვაციების ცენტრის მოწყობას ახალგაზრდებისთვის, რომელიც აღიჭურვება თანამედროვე ტექნოლოგიებით, 3D პრინტერით, ლაზერული ჭრისა და გრავირების აპარატით, ინტერაქტიური სმარტ დაფით, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების განვითარებას", - წერია მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაში.
ახალგაზრდების შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამებს ხელოვნების სახლი ისედაც ახორციელებდა. მათ მხარდამჭერ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ხელოვანები მიმართავენ გორის საკრებულოს მერიის გადაწყვეტილების გასაუქმებლად.
გარდა ამისა, საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიაწვდიან ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გორში შემოქმედებითი თავისუფლების კონსტიტუციური უფლება იზღუდება.