უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მკვეთრი ფორმით გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებას, რომ შეუძლიათ ექსპერიმენტი კიევში ჩაუტარონ მათ, ვისაც ეჭვი ეპარება ახალი რუსული ბალისტიკური რაკეტის, „ორეშნიკის“ სიზუსტეში.
რუსეთის ჯარებმა ამ რაკეტით პირველი შეტევა 21 ნოემბერს მიიტანეს უკრაინის ქალაქ დნეპრზე.
„ხალხი იხოცება, ის კი ფიქრობს, რომ ეს „საინტერესოა“. სულელი“, - დაწერა 19 დეკემბერს, ღამით ზელენსკიმ ინგლისურად სოციალური ქსელის, X-ის ოფიციალურ გვერდზე. უკრაინულ ვარიანტში ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოიყენა კიდევ უფრო დამამცირებელი ფორმა(Довбойоб).
19 დეკემბერს, მოსკოვში მოქალაქეებთან ე.წ. პირდაპირი ხაზის და წლის შემაჯამებელი პრესკონფერენციის დროს, პუტინს ჰკითხეს საშუალო მანძილზე მოქმედების ახალ ბალისტიკურ რაკეტა „ორეშნიკზე“ და დასავლეთის ზოგიერთი ექსპერტის შეფასებაზე, რომ მისი მოგერიება რთული არ არის.
„შემოგვთავაზონ ჩვენ და შესთავაზონ მათ, ვინც დასავლეთში და აშშ-ში ანალიზისთვის ფულს უხდის, ერთგვარი ტექნოლოგიური ექსპერიმენტი, 21-ე საუკუნის მაღალტექნოლოგიური დუელი. განსაზღვრონ რომელიმე ობიექტი, მაგალითად, კიევში, იქ თავი მოუყარონ საჰაერო თავდაცვის და ანტისარაკეტო სისტემების მთელ თავის ძალებს, ჩვენ კი „ორეშნიკით“ დავარტყამთ და ვნახოთ, რა იქნება. ჩვენ ასეთი ექსპერიმენტისთვის მზად ვართ“, - განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტს „ბებერი, შეშლილი კრეტინი უწოდა“ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა.
21 ნოემბერს პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის ქალაქ დნეპრში საშუალო მანძილზე მოქმედების უახლესი ბალისტიკური რაკეტით, „ორეშნიკით“ დაარტყეს რაკეტების და სხვა იარაღის მწარმოებელ უმსხვილეს ქარხანას.
პუტინის თანახმად, ეს მას შემდეგ გააკეთეს, რაც უკრაინამ შორ მანძილზე მოქმედების ამერიკული და ბრიტანული რაკეტებით, ATACMS და Storm Shadow შეუტია რუსეთის სამხედრო ობიექტებს ბრიანსკის და კურსკის ოლქებში.