ჩეხეთის საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატამ, სენატმა, მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდა ჩეხეთის მთავრობას, დაუწესოს სანქციები ქართველ მაღალჩინოსნებსა და მოსამართლეებს.
კერძოდ, სენატის რეზოლუცია მოუწოდებს ქვეყნის მთავრობას, რომ სანქციები დაუწესოს
ადამიანებს, რომლებმაც ორგანიზება გაუწიეს ან მონაწილეობა მიიღეს საქართველოში დემონსტრაციების ძალადობრივად ჩახშობაში;
მოსამართლეებს, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს იღებენ.
ამასთან, რეზოლუცია, - რომელიც სავალდებულო არ არის, - მოუწოდებს ჩეხეთის მთავრობას, „იმ ვითარებაში, როდესაც მთავრობასთან და პარლამენტთან თანამშრომლობის განვითარება არ არის მოსალოდნელი, ყურადღება მიაქციოს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერას“.
18 დეკემბერს მიღებული რეზოლუციის ტექსტი ასევე აღწერს საქართველოსთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის, ევროკომისიის, ევროპარლამენტისა თუ სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების რეკომენდაციებს, გადაწყვეტილებებსა და რეზოლუციებს; საქართველოს კონსტიტუციას, რომელიც მთავრობას ევროინტეგრაციას ავალდებულებს; ასევე, რუსეთის მიერ ქვეყნის ოკუპაციას.
რეზოლუციაში საუბარია 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზეც.
მათ შორის, წერია, რომ „მძაფრდება რუსეთის მცდელობები, მოახდინოს გავლენა საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, რაც გამოვლინდა საარჩევნო კამპანიაშიც“.
„არჩევნები ხასიათდებოდა სერიოზული დარღვევებით, ხმების მანიპულირებისა და ამომრჩეველთა თავისუფლების აღკვეთის, ხმის მოსყიდვის, დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენლების შევიწროების, ამომრჩეველთა დაშინების შესახებ დოკუმენტირებული ცნობებით როგორც საარჩევნო უბნებზე, ასევე მის გარეთ“, - წერია რეზოლუციაში.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 17 დეკემბერს გამოეხმაურა საქართველოში არსებულ ვითარებას, სოლიდარობა გამოუცხადა ქართველი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს და განაცხადა, რომ დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერისთვის 230 000 ევროს ოდენობით დახმარებას გამოყოფს.
23-ე დღეა, საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში დემონსტრანტები აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 400-ზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. მათ რიცხვში არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც.
დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს.
19 დეკემბერს აშშ-მა და ბრიტანეთმა სანქციები დაუწესეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ საერთაშორისო სანქციების დაწესება დაიწყო 2023 წელს და 2024 წელში გააქტიურდა.