ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპის მიერ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად წარდგენილი მაიკ უოლცი აცხადებს, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების გარკვეული შეწყვეტა მთელი მსოფლიოს სურვილი იქნებოდა.
ტელეკომპანია CBS-თან ინტერვიუში უოლცმა ასეთი ზოგადი პასუხი გასცა შეკითხვას, ხომ არ შეიცავდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის შეთავაზება საშობაოდ უკრაინაში ზავის გამოცხადების შესახებ დონალდ ტრამპის გზავნილსაც.
9 დეკემბერს ორბანი ტრამპს ფლორიდაში შეხვდა, 11 დეკემბერს კი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარი თქვა საშობაო ზავის და ტყვეთა მასშტაბური გაცვლის შეთავაზებაზე.
CBS-თან ინტერვიუში მაიკ უოლცმა განაცხადა, რომ ვიქტორ ორბანს რეგულარული კონტაქტი აქვს რუსებთან და აშკარად კარგი ურთიერთობა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან.
თეთრი სახლის მომავალმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში არ დააკონკრეტა, როგორი იქნება აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა უკრაინისადმი და გაიმეორა თავად ტრამპის მიერ არაერთხელ ნათქვამი, რომ მიზანი ომის და სისხლისღვრის შეწყვეტაა.
რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება.
რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
პრეზიდენტმა პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".
უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
2014 წლიდან რუსეთის მიერ ანექსირებულია უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული და ქალაქი სევასტოპოლი.
უკრაინას მიზნად გამოცხადებული აქვს ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენა.
პუტინის ხელისუფლება ომის დასრულების პირობებად ასახელებს უკრაინაში უკვე ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარებას და უარს ნატოში უკრაინის მიღებაზე.