ისრაელმა ირლანდიის დედაქალაქში, დუბლინში, თავისი საელჩო დახურა.
ამ გადაწყვეტილების შესახებ ცნობა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა გაავრცელა. მისი თქმით, “ირლანდიის ანტისემიტური მოქმედებები და რიტორიკა ეფუძნება ებრაული სახელმწიფოს დელეგიტიმაციას და დემონიზებას, ასევე ორმაგ სტანდარტებს”. საარმა დასძინა, რომ ირლანდიამ ისრაელთან ურთიერთობაში გადალახა ყველა წითელი ხაზი.
წელს მაისში, ირლანდიამ ესპანეთთან და ნორვეგიასთან ერთად ოფიციალურად აღიარა პალესტინელთა სახელმწიფო, რითაც ისრაელის ხელისუფლების მძაფრი რეაქცია გამოიწვია.
გასულ კვირაში, ირლანდია შეუერთდა გაეროს სასამართლოში სამხრეთ აფრიკის მიერ შეტანილ სარჩელს ისრაელის წინააღმდეგ, რომელსაც ღაზის სექტორში პალესტინელთა გენოციდში ადანაშაულებენ.
სარჩელში წამოყენებულია წინადადება, რომ გაფართოვდეს სახელმწიფოს მიერ ჩადენილი გენოციდის გაგება.
ისრაელი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას. საერთაშორისო სასამართლომ სარჩელი განსახილველად მიიღო, რასაც, სულ მცირე, რამდენიმე წელი დასჭირდება.
შარშან ოქტომბერში ისრაელზე ჰამასის (აშშ-სა და ევროკავშირში გამოცხადებულია ტერორისტულ ორგანიზაციად) თავდასხმას 1200 ისრაელელი და უცხოელი ემსხვერპლა. გაიტაცეს 250-მდე პირი.
მას მერე, პალესტინელთა ჯანდაცვის უწყების ცნობით, ღაზის სექტორში ისრაელის საჰაერო და სახმელეთო საომარ მოქმედებებს თითქმის 45 ათასი ადამიანი შეეწირა.