გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში 12 დეკემბერს ახსენეს საქართველოში მიმდინარე პროევროპული დემონსტრაციები და წამოაყენეს იდეა, განიხილონ გამოძიების დაწყების შესაძლებლობა ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ, რომლის მფლობელი კომპანიაც ბრიტანეთშია დაფუძნებული.
ეს საკითხი წამოსწია თემთა პალატის წევრმა, შოტლანდიელმა ლეიბორისტმა, ბლერ მაკდუგალმა. მან თემთა პალატის ლიდერს, ლუსი პაუელს მიმართა:
„იმის გათვალისწინებით, რომ ფართო ყურადღება ექცევა საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალადობრივად დარბევას, მაინტერესებს, დაუთმობთ თუ არა დროს ამ საკითხზე დებატებს? დებატებზე შეგვეძლება, ვიმსჯელოთ იმ ფაქტზე, რომ ტელეკომპანია „იმედი“, - მთავარი პროპაგანდისტული არხი, რომლითაც მუშაობს ეს სასტიკი ხელისუფლება, - კომპანია Hunnewell Partners-ის მეშვეობით იმართება დიდი ბრიტანეთიდან“.
მანვე წამოაყენა ინიციატივა კომპანიის შესახებ გამოძიების დაწყებაზე ოფიციალური სტრუქტურების მიერ:
„მაინტერესებს, თანახმა ხართ თუ არა, რომ ამ დებატებზე ვიმსჯელოთ, ხომ არ დადგა დრო, გაერთიანებული სამეფოს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულმა სააგენტომ (NCA-მ) დაიწყოს გამოძიება ოპერაციებზე, რომლებიც გამოიყენება პრორუსული პროპაგანდით მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობის წასაქეზებლად“.
კითხვაზე პასუხად თემთა პალატის ლიდერმა, ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელმა ლუსი პაუელმა განაცხადა, რომ მისმა კოლეგამ „ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი“ წამოაყენა:
„[გაერთიანებული სამეფოს] მთავრობა კლვავ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, თავი შეიკავოს დემოკრატიული ნორმებისგან გადახრისგან და დასავლელი პარტნიორებისგან იზოლაციისგან. ჩვენ ვაგრძელებთ მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალის გადამეტების გმობას“, - თქვა მან.
„თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი წამოსწიეთ ამ სფეროში მოქმედ ჰოლდინგურ კომპანიებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ლუსი პაუელმა და თქვა, რომ დებატები, რაზეც კოლეგა საუბრობდა, „კარგი ადგილი იქნება ამ საკითხების განხილვისათვის“.
ტელეკომპანია „იმედის“ საკუთრების უფლება 2021 წელს ოფიციალურად გადაეცა კომპანია ბიზნესმენ ირაკლი რუხაძესთან დაკავშირებული „ჰანიველ პარტნერზის“ (Hunnewell Partners) კონტროლირებად კომპანიას.
„იმედის“ მფლობელი კომპანიის, „ჯორჯიან მედია ფროდაქშენ გრუფის“ (Georgian Media Production Group) 100%-ანი წილი მაშინ გადაეცა „მედია ფაინენს გრუპ ბი.ვი“-ს (Media Finance Group B.V.), რომელიც შედის „ჰანიველ პარტნერზის“ კომპანიათა ჯგუფში.
„ჰანიველ პარტნერზი“ საქართველოში 2017 წლიდან ჰოლდინგი ასევე ფლობს „ლიბერთი ბანკს“, სიდიდით მესამე ბანკს ქვეყანაში.
ტელეკომპანია „იმედი“ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაუბრუნდა.