დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი საქართველოში მიმდინარე პროევროპულ დემონსტრაციებს ეხმაურება და აცხადებს, რომ აუცილებელი სასწრაფო ზომების მიღება.
„საქართველოში აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული სასტიკი ძალადობის შესაჩერებლად აუცილებელია სასწრაფო საერთაშორისო ზომების მიღება“, - აცხადებს ის.
„დაუსჯელობა უნდა დასრულდეს და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. დანია მუშაობს პარტნიორებთან კონკრეტული ზომების მისაღებად“, - წერს იგი X-ზე 12 დეკემბერს.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს დაიწყო.
დემონსტრაციების დაწყების შემდეგ 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, - უმრავლესობა ადმინისტრაციული წესით, 30-ზე მეტი კი - სისხლის სამართლის საქმეზე. ეს ნიშნავს, რომ მათ მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.
დემონსტრაციის მონაწილეები და პოლიტიკური პარტიები მათ პოლიტპატიმრებს უწოდებენ და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მათი გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.
ომბუდსმენის ფეისბუკის გვერდის ცნობით, 28 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში მოინახულეს 352 პირი. მათგან
არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა 226 ადამიანი - 64%;
ხოლო 157-ს აღენიშნებოდა ხილული დაზიანებები - 44%-ს.
დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს.