აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის ინაუგურაციაზე ჩინეთის ლიდერი სი ძინ პინი დაპატიჟა. ამის შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ამერიკული არხი CBS-ი წერს. მათი თქმით, მოსაწვევი ჩინეთის ლიდერს ნოემბრის დასაწყისში, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებიდან მალე გაეგზავნა.
CBS-ის თანახმად, ტრამპის გუნდი ინაუგურაციაზე მსოფლიოს სხვა ლიდერების მიწვევასაც განიხილავს. კერძოდ - უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანისა, რომელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის პოლიტიკური მოკავშირეა. 9 დეკემბერს ორბანი მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში, ფლორიდაში, შეხვდა დონალდ ტრამპს.
აშშ-ის პრეზიდენტების ინაუგურაციებზე, როგორც წესი, იწვევენ უცხოეთის ქვეყნების ელჩებსა და სხვა დიპლომატებს. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, 1874 წლიდან ამ ცერემონიაში არცერთ უცხოელ ლიდერს არ მიუღია მონაწილეობა.
26 ნოემბერს ტრამპმა განაცხადა, რომ ინაუგურაციის შემდეგ აპირებს დააწესოს მაღალი გადასახადები და დამატებითი ტარიფები ყველა ჩინურ საქონელზე, რომლებიც შეერთებულ შტატებში შედის.
დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება. ამ დღიდან ის ოფიციალურად შეუდგება უფლებამოსილების შესრულებას.