პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომელიც პარტიებისა და აქტივისტების ჩხრეკას „არა რეპრესიად, არამედ პრევენციად“ აფასებს, ამბობს, რომ მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციები წინასწარ დაგეგმილია და ერთ-ერთ არგუმენტად პიროტექნიკის გაყიდვის გაზრდილ სტატისტიკას ასახელებს.
„ერთო საინტერესო დეტალი შემიძლია გითხრათ, რაც პირდაპირ ადასტურებს, რომ [არეულობა] წინასწარ იყო დაგეგმილი დეკემბრისთვის“, - განაცხადა კობახიძემ, - „გაორმაგებულია პიროტექნიკის გაყიდვები საქართველოში“.
დემონსტრანტების ნაწილი სპეცრაზმთან დაპირისპირებისას პიროტექნიკას იყენებს. ხელისუფლების თანახმად, არაერთი პოლიციელია დაშავებული.
კობახიძის თქმით, შეადარეს პიროტექნიკის გაყიდვის სტატისტიკა 2023 და 2024 წლის 1-27 ნოემბრის შუალედში. „რამდენი პროცენტით შეიძლება იყოს გაზრდილი? 90%-ით“, - განაცხადა მან.
პრემიერს არ დაუზუსტებია, რომელ უწყებაზე დაყრდნობით ამბობს ამ მონაცემებს. სავარაუროდ, „გაყიდვების სტატისტიკაში“ იგულისხმება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემები სასაქონლო კოდის მიხედვით.
თუმცა ეს მონაცემები საჯარო არ არის.
ინფორმაციის გადასამოწმებლად მედიას რჩება იმპორტის მაჩვენებლების (და არა გაყიდვების) შედარების საშუალება.
რადიო თავისუფლებამ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საგარეო ვაჭრობის პორტალზე, წლებისა და თვეების მიხედვით გადაამოწმა პიროტექნიკის იმპორტის სტატისტიკა.
საუბარია, საქსტატის HS-4 კლასიფიკაციით, კატეგორიაზე: „ფეიერვერკები, სასიგნალო შუშხუნები, წვიმის რაკეტები და სხვა პიროტექნიკური ნაწარმი“ (3604).
ჯერჯერობით, - ოთხი დეკემბრისთვის - პორტალზე არ არის ინფორმაცია 2024 წლის ნოემბერზე, - ბოლო მონაცემი 2024 წლის ოქტომბრისაა.
2023 წლის ნოემბერში შემოიტანეს 615 000 დოლარის ღირებულების 115 ტონა პიროტექნიკა.
თუ დავიჯერებთ კობახიძის განცხადებას 90%-იან ზრდაზე - 2024 წლის ნოემბრის მოცულობა შეიძლება იყოს დაახლოებით $1.2 მლნ და 218.5 ტონა.
თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს არ არის რეკორდული მაჩვენებელი ერთ თვეში იმპორტისა და ამაზე მაღალი რიცხვები ფიქსირდებოდა სხვადასხვა დროს, მათ შორის:
2023 წლის აგვისტოში - 1.9 მლნ და 237 ტონა; 2023 წლის დეკემბერში - 1.8 მლნ და 440 ტონა; 2024 წლის აპრილში - 2.2 მლნ და 41 ტონა; 2024 წლის აგვისტოში - 1.7 მლნ და 177 ტონა.
აღსანიშნავია ისიც, რომ დროის მიხედვით, შესაძლოა, ერთი და იმავე მოცულობის პიროტექტიკა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ფასის მიხედვით.
რაც შეეხება 2024 წლისა და 2023 წლების 10-10 თვის შედარებას, სურათი ასეთია:
2023 წლის იანვარი-ოქტომბერი: 5 მილიონი აშშ დოლარი და 501 ტონა 2024 წლის იანვარი-ოქტომბერი: 6.38 მილიონი აშშ დოლარი 812 ტონა.
ამასთან, 2023 წელს, 12 თვეში, იმპორტირებული პიროტექტნიკის მოცულობა 1056 ტონაა, 2024 წლის 10 თვეში კი - 812 ტონა.
2023 წელს ჯამური მოცულობა 2024 წლის 10 თვეზე ასევე მეტია აშშ დოლარებში: 7.4 მილიონი და 6.4 მილიონი აშშ დოლარი.
რა შეეხება წინა წლების მონაცემებს:
ეს მონაცემები აჩვენებს, რომ იმპორტი, ზოგადად, წლების განმავლობაში, ცვალებადია.
2018 და 2019 წლებში გაცილებით მეტი პიროტექნიკია შემოიტანეს, ვიდრე 2023 თუ 2024 წლებში: 1102 და 1591 ტონა.
წინა დღეს, 3 დეკემბერს, არაერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ცნობები, რომ სხვადასხვა ბაზრობაზე პიროტექნიკის მაღაზიები დაიხურა
პიროტექტიკას დემონსტრანტების ნაწილი პოლიციის წინააღმდეგ იყენებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო იყენებს წყლის ჭავლს და ძალის გამოყენებით არბევს დემონსტრაციას.
დემონსტრაციები მე-7 დღეა გრძელდება.
მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციების პარალელურად, „ქართული ოცნების“ მთავრობის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ 3 დეკემბერს განაცხადა: „ოფისებში შემალული მდიდარი NGO-ების ლიდერებიც ვერ გაექცევიან კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას“.
4 დეკემბერს პარტიების ოფისებსა და არაერთი აქტივისტის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა.