ოპოზიციური პარტია „ახლის“ დამფუძნებელი, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.
ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ადვოკატი, დიტო საძაგლიშვილი. მისი თქმით, ინფორმაცია ნიკა გვარამიას ადგილსამყოფელის შესახებ მათ სახალხო დამცველის აპარატისგან შეიტყვეს. ინფორმაცია დაკავებულის შესახებ მათთვის ამ დრომდე ოფიციალურად არ მიუწვდია შინაგან საქმეთა სამინისტროს.
ადვოკატი ამბობს, რომ მათთვის უცნობია, როგორია ნიკა გვარამიას ჯანმრთელობის მდგომარეობა:
„ნიკა გვარამიას დაკავების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ჩვენ შევალთ მარნეულის იზოლატორში და ამის შემდეგ გვეცოდინება მეტი დეტალი როგორც მისი ჯანმრთელობრის მდგომარეობის შესახებ, ისე საქმის სამართლებრივ მხარესთან დაკავშირებით.
ეს არის ადამიანური მოპყრობა, როგორც ჩანს, ჰუმანიზმის არანაირი ნიშნები აღარ შემორჩა ამ დაწესებულებას, რომ ელემენტარული ინფორმაცია მაინც მოგვაწოდონ, განსაკუთრებით იმ სიტუაციაში, როდესაც ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არსებობს კითხვები და ოჯახის წევრებს ელემენტარული ინფორმაცია არ აქვს, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა“, - ამბობს დიტო საძაგლიშვილი.
ოპოზიციური პარტია „ახლის“ დამფუძნებელი, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია პოლიციელებმა "გირჩი-დროას" ოფისთან დააკავეს 4 დეკემბერს, 16:45 საათზე, მას შემდეგ, რაც შსს-ის წარმომადგენლებმა იქ ჩხრეკა დაიწყეს.
გვარამია, როგორც იურისტი, ჩხრეკაზე დასწრებას ითხოვდა. მის დაკავებას წინ უძღოდა პოლიციელებთან შელაპარაკება.
გვარამია პოლიციელმა ძალის გამოყენებით დააკავეს. თავდაპირველად, შელაპარაკებისას, ის მიწაზე დააგდეს და შემდეგ ჰაერში ატაცებული გაათრიეს მანქანამდე, რომელსაც არ ჰქონდა პოლიციის განმასხვავებელი ნიშნები.
გვარამიას შემდეგ იმავე ოფისთან, ფიქრის გორაზე, ლუარსაბ შარაშიძის ქუჩაზე დააკავეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, აქტივისტი გელა ხასაია.
დიტო საძაგლიშვილი ამბობს, რომ მათთვის ჯერჯერობით უცნობია, სად გადაიყვანეს სამართალდამცავებმა გელა ხასაია.
4 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები საგამოძიებო მოქმედებების (ჩხრეკის) ჩატარების მიზნით შევიდნენ პოლიტიკური პარტიების - „ნაციონალური მოძრაობის“, „გირჩი-დროას“, ახლის“ - ოფისებსა და ასევე აქტივისტური ჯგუფის წარმომადგენლების ბინებში.