მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი, ირანელი აქტივისტი ქალი ნარგეს მოჰამადი პატიმრობიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა განაცხადა 4 დეკემბერს.
„სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თეირანის პროკურატურამ ქალბატონი ნარგეს მოჰამადის მიმართ განაჩენის აღსრულება სამი კვირით შეაჩერა და ის ციხიდან გაათავისუფლეს. ამის მიზეზია მისი ფიზიკური მდგომარეობა სიმსივნის ამოკვეთისა და ძვლის გადანერგვის შემდეგ, რაც 21 დღის წინ მოხდა,“ დაწერა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე ადვოკატმა მოსტაფა ნილიმ სოცქსელ X-ში.
წყაროებმა დაუდასტურეს რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების სპარსულენოვან რედაქციას, „რადიო ფარდას“, რომ 52 წლის მოჰამადი გათავისუფლებულია.
ნარგეს მოჰამადი არის პოლიტიკური და სამოქალაქო აქტივისტი, ქალთა უფლებების დამცველი და სიკვდილით დასჯის მოწინააღმდეგე. ირანის ხელისუფლებამ ის 13-ჯერ დააპატიმრა, ხუთჯერ გაასამართლა და საერთო ჯამში 154 როზგი და 31 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მოჰამადი რამდენჯერმე გაათავისუფლეს გირაოთი, ამის შემდეგ ის უფლებადამცველ საქმიანობას ეწეოდა.
ამჟამად ის სასჯელს იხდის თეირანის ციხეში, სადაც ხშირად ათავსებენ რეჟიმის მოწინააღმდეგეებს. ადრე მან შიმშილობა გამოაცხადა იმის გამო, რომ უარს ეუბნებიან სამედიცინო დახმარებაზე. გაერო და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები მოჰამადის პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ და მისი გათავისუფლების მოწოდებით გამოდიან.
2023 წელს მოჰამადი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. მისი სახელით პრემია მიიღეს და ციხეში მის მიერ დაწერილი ნობელის ლექცია წაიკითხეს მისმა შვილებმა. ოფიციალურმა თეირანმა ნობელის კომიტეტს ბრალი დასდო ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევასა და ადამიანის უფლებების თემის „პოლიტიზაციაში“.