3 დეკემბერს, გამთენიისას, თბილისში საპროტესტო აქციის დაშლისას დაშავებული 21 წლის ალექსი თირქიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ნინო ხარაიშვილი, ინგოროყვას კლინიკის ნევროლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ამბობს, რომ დაშავებულს უგრძელდება „მედიკამენტოზური ძილი“:
„სასიცოცხლო პარამეტრები ამ მომენტისათვის სტაბილურია“, - თქვა ნინო ხარაიშვილმა 4 დეკემბრის დილას.
ალექსი თირქიას დემონსტრაციის დაშლისას, სავარაუდოდ, ე.წ. გაზის კაფსული მოხვდა.
დაშავებულის ბიძამ, იოსებ ჩანადირმა, 3 დეკემბერს ინგოროყვას კლინიკასთან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ალექსიმ ბებიას დაურეკა და უთხრა, რომ ალყაში იყო და ამ საუბრის დროს მის მეგობარ გოგოს ფეხში, ხოლო თავად მას სახეში, წარბის არეში, მოხვდა ე.წ. გაზის კაფსული.
ბიძის ინფორმაციით, ბიჭს მხედველობა დაზიანებული არ აქვს, მაგრამ ქსოვილების აღსადგენად ოპერაცია შეშუპების გამო შეჩერდა.
3 დეკემბერს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ თქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო აქციაზე დაშავებული 21 წლის ბიჭის საზღვარგარეთ მკურნალობის პასუხისმგებლობას აიღებს. თუმცა, მისივე სიტყვებით, ამ ეტაპზე, პაციენტის გადაყვანის საჭიროება არ დგას.
ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემების თანახმად, 3-4 დეკემბრის ღამეს, რუსთაველის გამზირიდან სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილია 15 ადამიანი. მათ შორის 11 აქციის მონაწილეა, 3 - მედიასაშუალების თანამშრომელი და 1- შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი.
დაშავებულთა ნაწილი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკებში აგრძელებს მკურნალობას. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ეს მონაცემები მოიცავს მხოლოდ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ ჰოსპიტალიზებულთა რიცხვს.
ექვსი ღამეა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ, აქცია იმართება. მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო. ისინი ითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასაც.
„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.
პოლიცია აქციის მონაწილეთა დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს. დემონსტრანტების დაკავებისას პოლიცია მათზე ძალადობს. იძალადეს რამდენიმე ათეულ ჟურნალისტზეც.