ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გამოუყო კიდევ 725 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება.
სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის ინფორმაციით, ახალი პაკეტი მოიცავს რაკეტებს Stinger, საბრძოლო მასალებს მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის(HIMARS), 155 და 105-მილიმეტრიან საარტილერიო ჭურვებს, უპილოტო საფრენ აპარატებს, ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს Javelin და AT-4, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს TOW და სხვა საბრძოლო მასალებს და ტექნიკას.
პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, უკრაინა ამ სამხედრო დახმარებას მიიღებს აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მარაგებიდან.
არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას სურს, უკრაინის დასახმარებლად კონგრესის მიერ მხარდაჭერილი თანხა დახარჯოს არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე, რომელიც 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება.
დარჩენილი თანხა დაახლოებით ხუთ მილიარდ დოლარამდეა.
პენტაგონის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის 2 დეკემბრის ჩათვლით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია დაახლოებით 61,4 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.