რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა 24 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები.
გადაწყვეტილება, რომელსაც წინ უძღოდა ხმების ხელახალი დათვლა, 2 დეკემბერს, გვიან საღამოს გამოაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მარიან ენაჩემ.
პირველი ტურის შედეგების დადასტურების საფუძველზე, 8 დეკემბერს მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ ფორმალურად უპარტიო კანდიდატი, ულტრამემარჯვენე კალინ ჯორჯესკუ და ლიბერალური პარტიის, „რუმინეთის ხსნის კავშირის“ კანდიდატი ელენა ლასკონი.
საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგად, ყველასთვის მოულოდნელად, ხმების თითქმის 23%-ით პირველ ადგილზე გავიდა ულტრამემარჯვენე კალინ ჯორჯესკუ.
სოციალ-დემოკრატი პრემიერ-მინისტრი მარჩელ ჩოლაკუ, რომელიც ერთ-ერთ ფავორიტად ითვლებოდა, მესამე ადგილზე აღმოჩნდა. მას მცირედით გაუსწრო ლიბერალმა ელენა ლასკონიმ(19,18%). პირველივე ტურში გასამარჯვებლად საჭირო, ხმების 50%-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. კენჭს სულ 13 კანდიდატი იყრიდა.
რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საარჩევნო ადმინისტრაციას ხმების ხელახალი დათვლა 28 ნოემბერს დაავალა პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, სებასტიან პოპესკუს საჩივრის საფუძველზე. ის ამტკიცებდა, რომ პირველ ადგილზე გასულმა ჯორჯესკუმ დამალა საარჩევნო კამპანიის დაფინანსების წყაროები და მას მხარს უჭერდა ჩინური პლატფორმა TikTok.
ჯორჯესკუ მემარჯვენე-პოპულისტური პარტიის, „ალიანსი რუმინელთა ერთიანობისთვის“ ყოფილი წევრია.
ულტრამემარჯვენეებმა საკმაოდ ბევრი ხმა მიიღეს საპარლამენტო არჩევნებშიც, რომელიც ევროკავშირის და ნატოს წევრ რუმინეთში 1 დეკემბერს ჩატარდა.
საპარლამენტო არჩევნების შედეგად ყველაზე მეტი ხმა, 22%-ზე მეტი, სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ მიიღო.
18%-ით მეორე ადგილზე გავიდა მემარჯვენე-პოპულისტური „ალიანსი რუმინელთა ერთიანობისთვის“.
ხმების 14% მიიღო და მესამე ადგილზეა სოციალ-დემოკრატების მოკავშირე, მემარჯვენე-ცენტრისტული „ნაციონალური ლიბერალური პარტია“. 7%-ზე მეტი აქვს „რუმინეთის ხსნის კავშირს“.
პოლიტიკურ ძალებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები კოალიციური მთავრობის შესაქმნელად.