ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ უარი უთხრა სტუდენტებს პროევროპული აქციების პარალელურად სწავლის დროებით შეწყვეტის მოთხოვნაზე.
"ჩვენი უნივერსიტეტის 700 სტუდენტის გუშინდელი განცხადების შემდეგ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან მივიღეთ პასუხი, რომ სასწავლო პროცესი არ შეჩერდება. მეილის ტექსტში მხოლოდ ეს ეწერა, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სწავლის შეჩერების შეუძლებლობის შემთხვევაში, ვითხოვდით პროტესტში ჩართული სტუდენტებისთვის აკადემიური აქტივობების აღდგენის საშუალების მიცემას, რაზეც არანაირი კომენტარი არ მიგვიღია" - უთხრა რადიო თავისუფლებას ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტმა. ახალგაზრდები ფიქრობენ რომ უნივერსიტეტის ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს მათთვის პროტესტის უფლების შეზღუდვას.
თბილისში და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.
მმართველმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომიდან რამდენიმე დღეში გამოაცხადა.