შსს-მ სისხლისსამართლებრივი ბრალდებით თბილისში დააკავა საპროტესტო აქციების ორი მონაწილე, მათ ბრალად ედებათ სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელებზე თავდასხმა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანება.
შსს-ს მიერ დღეს, 2 დეკემბერს, გამოქვეყნებული ინფორმაციით, დაკავებული არიან 2007 წელს დაბადებული მ.გ. და 2003 წელს დაბადებული გ.მ.
მათთვის წაყენებული ბრალი შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების თანახმად, 29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე აქციის დროს, გ.მ-მ 9 აპრილის ქუჩაზე პიროტექნიკის სროლის შედეგად სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენა შსს-ს თანამშრომელს, ხოლო მ.გ.-მ პარლამენტის შენობაში ცეცხლმოკიდებული ნივთი ისროლა, რის შედეგად ერთ-ერთ ოთახში ხანძარი გაჩნდა.
შსს-ს თანახმად, სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელებზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ბრალდებით სულ სამი პირია დაკავებული.
რაც შეეხება წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციული წესით დაკავებას, შსს-ს მონაცემების მიხედვით, საპროტესტო აქციების დაწყებიდან დაკავებულია 224 პირი.
შსს-ს თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის წარდგენილი 98 პირის საქმიდან წარმოება დასრულდა 74-ის მიმართ, მათგან 36 დაჯარიმდა, 34-ს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ხოლო 4-ს შენიშვნა მიეცა.
სასამართლოში გრძელდება სხვა დაკავებულთა საქმეების განხილვა.
თბილისში და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.
მმართველმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომიდან რამდენიმე დღეში გამოაცხადა.
საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.
1-2 დეკემბერსაც შსს-ს სპეცრაზმელებმა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მონაწილეთა დასაშლელად არაერთხელ გამოიყენეს წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზი. პოლიცია ისევ ფიზიკურად გაუსწორდა არაერთ დემონსტრანტს.
შსს-მ კვლავ განაცხადა, რომ „აქცია არაერთხელ გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს" და „აგრესიული ჯგუფების" მხრიდან ისევ იყო პოლიციელებზე თავდასხმები და მათთვის ქვების, პიროტექნიკის, ცეცხლმოკიდებული ნივთების, შუშის ბოთლებისა და რკინის საგნების სროლა.
შსს-ს თანახმად, 1-2 დეკემბერს დაშავდა 21 თანამშრომელი, ხოლო აქციების დაწყებიდან - 113.
საპროტესტო აქციების დაწყებიდან დაშავებულია ათეულობით დემონსტრანტი და ჟურნალისტი.