უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა 27 ნოემბერს სამხრეთ კორეაში განიხილა ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები. შეხვედრა გაიმართა უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში რუსეთის მიერ ჩრდილოკორეელი სამხედროების ჩართვის ფონზე.
ზელენსკის თქმით, უმეროვი სეულში მისი დავალებით ჩავიდა ომში ჩრდილოეთ კორეის ჩართულობის ყველა ასპექტის განსახილველად და იმაზე სამსჯელოდ, "რა შეგვიძლია ერთად გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნების დასაცავად და ჩვენს რეგიონებში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად".
უმეროვმა მანამდე თქვა, რომ სეულში სამხრეთ კორეის პრეზიდენტ იუნ სოკ იოლთან განიხილა უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გასაძლიერებელი ნაბიჯები. უმეროვმა შეხვედრები გამართა ასევე სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრთან და მრჩეველთან ეროვნული უშიშროების საკითხებში.
უმეროვი ამბობს, რომ შეხვედრაზე წამოჭრა ჩრდილოეთ კორეის სამხედროების ადგილზე ყოფნის და უკრაინის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებში ჩრდილოეთ კორეის არმიის "აქტიური" მონაწილეობის საკითხები.
სამხრეთ კორეისთვის ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცების ეს დისლოცირება სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, რადგან ისინი საბრძოლო გამოცდილებას იღებენ, რამაც შესაძლოა შექმნას დამატებითი გამოწვევები უსაფრთხოების მხრივ, - დასძენს უმეროვი.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი არ არის, მხარეებმა განიხილეს თუ არა სეულის მხრიდან უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხი.